„აშკარაა, რომ პეტერ მადიარი არ მიეკუთვნება არც ე.წ. ულტრამემარცხენე, არც ლიბერალურ ან ნეოლიბერალურ პოლიტიკურ სპექტრს. ის ვიქტორ ორბანის წიაღიდან გამოსული ადამიანია და სასაცილოა, რომ ოპოზიციას მისი ტრანსფორმაციის მოლოდინი აქვს“ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„გამარჯვებიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე მადიარმა განაცხადა, რომ ძალიან სურს საქართველოში ჩამოსვლა და ქვეყნის ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობის დამყარება. ამასთან, აღნიშნა, რომ არც საქართველოს და არც რომელიმე სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ კურსს და გამარჯვების მიზეზებს, აშკარაა, რომ იგი არ მიეკუთვნება არც ე.წ. ულტრამემარცხენე, არც ლიბერალურ ან ნეოლიბერალურ პოლიტიკურ სპექტრს.
ორი წლის წინ ის ვიქტორ ორბანის წიაღში იყო და ის, რომ ოპოზიციას მისი ტრანსფორმაციის მოლოდინი აქვს, სასაცილოა. რეალურად, მადიარი კონსერვატორია და ღიად აცხადებს, რომ უნგრეთის სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური პრინციპები შენარჩუნდება და გაგრძელდება. მისი მთავარი ამოცანა ასევე არის ევროკავშირის მიერ გაყინული დაფინანსების განბლოკვა – საკითხი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს უნგრეთის ეკონომიკაზე.
მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებითაც მას მკაფიო პოზიცია აქვს: აცხადებს, რომ საზღვრების კონტროლი გამკაცრდება და მიგრაციის პროცესები მკაცრად რეგულირდება.
ამ დღეებში ასევე მოსალოდნელია ახალი მთავრობის შემადგენლობის გამოცხადება, სადაც რამდენიმე საინტერესო კანდიდატურა ფიგურირებს. მათ შორის არის განათლების მინისტრობის კანდიდატი, რომელიც ადრე ერთ-ერთი კათოლიკური უმაღლესი სასწავლებლის რექტორი იყო.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა: თუ მადიარის პოლიტიკა მართლაც ნეოლიბერალური ან გლობალისტურია, როგორ მოჰყავს განათლების სისტემაში ასეთი ბიოგრაფიის ადამიანი?“ – განაცხადა გია აბაშიძემ.


