„იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება და იმდენად ელვის სისწრაფით იცვლება ვითარება, რომ პროგნოზის გაკეთება თითქმის შეუძლებელია“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„მარტივად და განზოგადებულად რომ ავხსნათ — რას ითხოვს ირანი? ვხედავთ, რომ რეჟიმის ცვლილებაზე საუბარი უკვე დიდი ხანია აღარ არის აქტუალური და ეს თემა დახურულია. ამ ეტაპზე ტრამპი ირანისგან ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებას ითხოვს. სანაცვლოდ ირანი სანქციების მოხსნას და მის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევებისთვის კომპენსაციას ითხოვს.
ჯერ არ ვიცით, რაზე შეთანხმდებიან მხარეები პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე და საერთოდ შეთანხმდებიან თუ არა, თუმცა ფაქტია, რომ ირანი გარკვეული ბენეფიტების გარეშე მოლაპარაკებების პროცესში არ ჩაერთვება.
ამასთან, ვხედავთ, რომ პროცესში ღიად ჩაერია პესკოვი, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არის სამშვიდობო პროცესს დაეხმაროს. იმავეს აცხადებს ჩინეთიც, რადგან ამ პროცესებით ზარალდება ყველა მხარე — მათ შორის ევროპა: პრობლემებია საავიაციო საწვავზე, უქმდება რეისები, ძვირდება სასუქები და ა.შ. ზარალდება ამერიკული ბაზრებიც.
გარდა ამისა, 3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნებია კონგრესში. ტრამპს სურს თუ არა, რომ სენატიც და წარმომადგენელთა პალატაც მთლიანად დემოკრატების კონტროლქვეშ აღმოჩნდეს? მე ვფიქრობ, არა“, — განაცხადა გია აბაშიძემ.


