„მათი ქმედებები და განცხადებები კიდევ უფრო აძლიერებს იმ არგუმენტს, რომ ეს არის ხელოვნურად დაშლილი და შემდეგ გაერთიანებული კოალიციის ნაწილი, რომლის მთავარი ამოცანაა კონსტიტუციური წყობილების დამხობა საქართველოში“ – თენგიზ შარმანაშვილი ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში „ფედერალისტების“ დამატებაზე

21

„მათი ქმედებები და განცხადებები კიდევ უფრო აძლიერებს იმ არგუმენტს, რომ ეს არის ხელოვნურად ჯერ დაშლილი და შემდეგ ისევ გაერთიანებული კოალიციის ნაწილი, რომლის მთავარი ამოცანაა კონსტიტუციური წყობილების დამხობა საქართველოში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში „ფედერალისტების“ დამატებაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს ლოგიკურია, რადგან ეს კოალიცია ხელოვნურია. მათი გაყოფაც ხელოვნური იყო, ისევე როგორც ის გადალაგებები, რაც ვიხილეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ხდებოდა საქართველოს შიდა პოლიტიკური დინამიკის შედეგად — პირიქით, ეს პროცესები იმართებოდა გარკვეული გარე ძალების მიერ.

ტერმინებზე ნუ ვიდავებთ – გინდა „დიფ სთეითი“ დავარქვათ და გინდა „გლობალური ომის პარტია“,  მაგრამ ფაქტია, რომ საქმე გვაქვს გლობალური რადიკალური ძალების გავლენასთან.

ხანდახან ამ ძალების კონფიგურაციას ცვლიდნენ და ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს ახალი პოლიტიკური ძალა ჩნდებოდა, რომელსაც პასუხისმგებლობა არ ეკისრება წინა 9 წელზე, თუმცა ამით საზოგადოების მოტყუება ვერ შეძლეს, რასაც არჩევნების შედეგებიც აჩვენებს.

ახლა ამ ხალხს თავი ისევ ერთად მოუყარეს და კიდევ უფრო ადვილი გახადეს ჩვენთვის, როგორც მოსარჩელეებისთვის, იმის მტკიცება, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც უცხოეთიდან იმართება და რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს არაკონსტიტუციური მეთოდებით ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში. ისინი ამას არც მალავენ – პირიქით, ღიად აცხადებენ და ამ განცხადებებით ყოველდღიურად ახალ არგუმენტებს გვაძლევენ სასამართლოსთვის.

მაგალითად, ამ კოალიციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, აცხადებს, რომ მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. რამდენიმე დღის წინ კი გაკეთდა განცხადება, რომ უნგრული მოდელი, ანუ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება მათი მიზანი არ არის და მათი გზა „ქართული რევოლუციაა“.

აი, ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია „ფედერალისტებიც“ და გიგა ბოკერიაც, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და იდეოლოგი იყო იმ 9-წლიანი რეჟიმის. ვინაიდან ახლა ისინი ფორმალურადაც გაერთიანდნენ, მათი ქმედებები და განცხადებები კიდევ უფრო აძლიერებს იმ არგუმენტს, რომ ეს არის ხელოვნურად ჯერ დაშლილი და შემდეგ ისევ გაერთიანებული კოალიციის ნაწილი, რომლის მთავარი ამოცანაა კონსტიტუციური წყობილების დამხობა საქართველოში.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ ვერ დავემსგავსებით და გასული საუკუნის 30-იანი წლების მეთოდებით ვერ ვიმოქმედებთ. რადგანაც ეს პროცედურა თავად კონსტიტუციით არის განსაზღვრული – პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ სასამართლოს გზით.
ამიტომ, იქნება ეს ვადებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებული, პროცესი უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ ველს და გადავიდეს სამართლებრივ ჩარჩოში. დარწმუნებული ვარ, მეორე მხარე შეეცდება სამართლებრივი პროცესის ნაცვლად პოლიტიკური შოუს მოწყობას, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.