„ამ ახალგაზრდა კაცმა თავის განცხადებებში სერიოზული აზროვნება და ანალიტიკური უნარი გამოავლინა. მან აღნიშნა, რომ პროცესები უნდა გადავიდეს პოლიტიკური დებატების ჭრილში, თუმცა, თუ მის ნათქვამს კარგად დავაკვირდებით, ის იმასაც უსვამს ხაზს, რომ ამისთვის მეორე მხარის მზაობაც აუცილებელია“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე ცოტნე ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა.
„ერთგვარად, თითქოს წინასწარაც კი განსაზღვრა ის ძლიერი კრიტიკა და ბულინგი, რაც მის განცხადებებს მოჰყვებოდა, თუმცა ამას დიდი წინასწარმეტყველება არც სჭირდებოდა.
მისი გზავნილი იყო მარტივი: თუ ერთი მხარე მუდმივად ძალადობისკენ არის მიდრეკილი, მეორე მხარის მხრიდან დიალოგის, თანამშრომლობისა და დათმობების მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს. ამაზე გააკეთა აქცენტი მან და რთულია არ დააფასო, რომ ამ ასაკში ასეთი ჩამოყალიბებული პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნია.
თუ პროცესს თავიდან გავყვებით, პირველი ნაბიჯები, გარკვეულწილად, დასავლელი პარტნიორების მოთხოვნით გადაიდგა, თუმცა ხელისუფლებამ მაინც გადადგა ნაბიჯი კომპრომისისკენ — ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდში. ამ დროს ოპოზიციას მიეცა შესაძლებლობა, მიუხედავად წარსული ქმედებებისა, კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებულიყო და პოლიტიკური საქმიანობა ამ ჩარჩოების ფარგლებში გაეგრძელებინა, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა ვითარებას. თუმცა, ეს შესაძლებლობა არ იქნა გამოყენებული და პირველივე წამოდან დაიწყეს გასვლა კონსტიტუციური ფარგლებიდან.
შემდგომი ეტაპი იყო შარლ მიშელის შეთანხმება – კიდევ ერთი მცდელობა, რომ პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნებულიყო. ამ შეთანხმებით მხარეებს კიდევ ერთხელ მიეცათ შანსი, გადაედგათ ნაბიჯები სტაბილურობისკენ და ჩართულიყვნენ საპარლამენტო საქმიანობაში, თუმცა, ეს შესაძლებლობაც არ იქნა გამოყენებული.
მსგავსი შანსები შემდგომ წლებშიც არაერთხელ მიეცათ — იმ მოტივით, რომ ეროვნული ერთიანობა და ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება უმთავრესი პრიორიტეტია. თუმცა, ეს შესაძლებლობები არა მხოლოდ არ გამოიყენეს, არამედ ზოგ შემთხვევაში გამოყენებულიც კი იყო ქვეყანაში არეულობის ასაგორებლად.
საბოლოოდ, როდესაც ყველა ზღვარს გადავიდნენ, დღის წესრიგში დადგა ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი.
ყველა ვხდებით, რომ ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, ეს არ არის შიდა პოლიტიკური პროცესი, ისინი გარე ძალების დირექტივებით მოქმედებენ და იმართებიან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


