„ქართული ოცნების“ 14-წლიანი გზა არ ყოფილა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის გასავლელი – ეს იყო ქართული საზოგადოების საერთო გზა, რომელმაც მოგვიტანა ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი: მშვიდობა, რომელიც ამაგრებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკას და ხვალინდელი დღის იმედს“ – ილია ინჯია

15

„ქართული ოცნების“ 14-წლიანი გზა არ ყოფილა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის გასავლელი – ეს იყო ქართული საზოგადოების საერთო გზა, რომელმაც მოგვიტანა ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი: მშვიდობა, რომელიც ამაგრებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკას და ხვალინდელი დღის იმედს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ილია ინჯიამ „ქართული ოცნების“ დაფუძნების დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„14 წელი ცოტა არ არის. 14 წლის წინ ჩვენ ყველა აქ ვცხოვრობდით, ყველაფერს ვხედავდით, ეს ბოლოს საგამოძიებო კომისიის მუშაობამაც დაადასტურა და ბევრი ფაქტი გამოაჩინა, თუ რა მდგომარეობა იყო და როგორი მმართველობა მანამდე – 2012 წლამდე.

რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო იმედის ნაპერწკალი, ხალხს გაუჩნდა იმედი, რომ ის უსამართლობა და სისასტიკე ბოლოს და ბოლოს დამთავრდებოდა.

ეს გაერთიანება იყო დიდი სიახლე. მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინ არ ვიყავი არც პოლიტიკაში და არც „ქართულ ოცნებაში“, ბევრი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც დიდი იმედით უყურებდა იმ გაერთიანებას, რომელი გაერთიანებაც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ 14 წლის წინ.

მოვედით დღევანდელ დღემდე და მე ვულოცავ, თითოეულ ქართველს, ყველა იმ ადამიანს, რომლის იმედიც იყო, რომ დასრულებულიყო ის ყველაფერი რაც იმ მძიმე წლებში ხდებოდა – ხალხის წამება, ბიზნესის რეკეტი და ასე შემდეგ.

მაშინ 2012 წელს დიდი სიახლე იწყებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ახალი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო და რაღა თქმა უნდა, იყო ფიქრი იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ეს ნაბიჯები, რამდენად გაამართლებდა იმ იმედებს, რა იმედებით და შეხედულებებითაც იყო ხალხი მაშინ განწყობილი.

რა თქმა უნდა, არ არსებობს იდეალური მმართველობა და მთავრობა, თუმცა არსებობს წინსვლა, დადებითი მომენტები, ის რეალობა, რა რეალობაშიც დღეს ჩვენ შეგვიძლია ამ რეალობაზე საუბარი. მე ვფიქრობ, ეს დიდი მონაპოვარია, დიდი მიღწევაა.

ეს გზა არ ყოფილა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გასავლელი — ეს იყო მთელი ქართული საზოგადოების საერთო გზა, რომელმაც მოგვიტანა ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი: მშვიდობა, რომელიც ამაგრებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკას და ხვალინდელი დღის იმედს. ვულოცავ ყველას, ვინც შეძლო ამ ყველაფრის შექმნა და შენარჩუნება“, – განაცხადა ილია ინჯიამ.