„ეს ერთი და იგივე ძალაა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ისევ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ქვეყნის მართვაში და გაითვალისწინოს ის გარე ძალების ინსტრუქციები, რომელიც ასე ვნებს ჩვენს ქვეყანას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ილია ინჯიამ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებზე საუბრისას განაცხადა.
“2012 წლის შემდეგ ბევრჯერ ვნახეთ სხვადასხვა პარტიებად დანაწევრებული „ნაციონალური მოძრაობა“, ბევრჯერ ვნახეთ ერთმანეთის მიმართ როგორი რიტორიკა ჰქონდათ, შემდეგ ვნახეთ, რომ რაღაც ნაწილი გაერთიანდა, მეორე ნაწილი სხვაგან გაერთიანდა და ერთმანეთთან ჰქონდათ შეუთანხმებლობა.
დღევანდელი რეალობაც არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც აქამდე ვხედავდით. მათ ამ რიტორიკას ერთმანეთის მიმართ – ჭკუის სწავლების, რჩევების მიცემის, რადიკალური მიმართვების, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ და ვიცით ამის შედეგი რა არის – ეს ერთი და იგივე ძალაა, რომელიც ცდილობს ისევ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ქვეყნის მართვაში და გაითვალისწინოს ის გარე ძალების ინსტრუქციები, რომელიც ასე ვნებს ჩვენს ქვეყანას, უფრო სწორად, ავნებდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენ რომ ეს დაგვეშვა.
ზუსტად ეს არის ის გამოცდილება, 14 წლის განმავლობაში, რაც დაგროვდა, რომ ამ ყველაფრის დანახვა და ანალიზის გაკეთება შეგვიძლია დღეს და შეგვიძლია ავწონოთ ის რეალობა, რა რეალობაც თუნდაც ამათ ერთმანეთს შორის აქვთ.
დარწმუნებული ვარ, დღეს ისინი თუ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ხვალ ისევ ერთ ქვაბში იქნებიან. ეს ის ძალაა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს დაძაბოს მდგომარეობა ქვეყანაში, ხელი შეუშალოს ჩვენი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს – მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის როლს – იყოს ევროპასა და აზიას შორის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი, მშვიდობის, სატრანზიტო გზა – შუა დერეფანი“, – განაცხადა ილია ინჯიამ.


