„დღეს გარემოს დაცვა აღარ წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიების თემას, – იგი გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე, საზოგადოებისა და მოქალაქეების ყოველდღიურობაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და მის პრეზიდენტს მნიშვნელოვანი სამიტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„კლიმატის ცვლილება, წყლის უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის რისკები თუ გარემოს დაბინძურება – ეს გამოწვევები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის ჩვენი საზოგადოების მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.
ამ კონტექსტში, ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებასა და მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას. აღნიშნული პრიორიტეტები ჩვენი ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების განუყოფელი ნაწილია და მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობენ. ფორუმის სპიკერებს შორის არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან.


