“დღეს, საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომაზე შეირჩევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი. ამის შემდეგ, გაფართოებულ კრებაზე უკვე მოხდება პატრიარქის არჩევა”, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.
„ჯერ არ ვიცით თარიღი, როდის ჩაინიშნება გაფართოებული სხდომა, თუმცა 17 მაისამდე უნდა მოხდეს. არ არის აუცილებელი, დღეს მოხდეს თარიღზე მსჯელობა, მერეც შეიძლება.
კრიტერიუმებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ეროვნებით ქართველი, ბერი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა. მე ვარ მათემატიკოსი და სიტყვა არაუმეტეს 70-ისა ნიშნავს, რომ 70 ნებისმიერი დროის დამატებით უკვე აღარ არის 70-მდე, არაუმეტეს 70-ისა. ანუ 70 პლიუს რაღაც დღეები და თვეები უკვე უმეტეს 70-ისა არის. როგორც მათემატიკოსი, ჩემთვის ეს არის ცხადი. ვნახოთ, სინოდი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მეორე არის, რომ ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს და უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად მართვა-გამგეობის დებულებით.
ყველა საკითხი შეიძლება, დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ – მაგალითად, რას ნიშნავს ქართველი. მე მყავდა მეგობარი იეზიდი და შინაგანად იყო ძალიან კარგი ქართველი. ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ყველაფერი შეიძლება, ეჭვქვეშ დავაყენოთ. არსებობს ასეთი ცნება – ფარული ბერები, რაც ნიშნავს, რომ აღკვეცილი არ არის, მაგრამ ბერულად ცხოვრობს. მაშინ ყველაფერი შეიძლება, დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებისთვის, რომ წესი, რომელიც განსაზღვრულია, იყოს დაცული“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.


