დიმიტრი ხუნდაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ქეთევან ბაკარაძის შესახებ: “დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებსა და ბავშვებს”

13

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლის დასაწყისში ხუნდაძემ მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს და მოუწოდა კომუნიკაციის სტანდარტების დაცვისა და ზიზღის ენის გამოუყენებლობისკენ.

„სანამ დარგობრივ კითხვებზე გადავალ, მსურს, აქ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოვთქვა ჩემი პოზიცია. პირველ რიგში, მოგესალმებით, ბატონო მიხეილ და მსურს, თანამოზიარე ვიყო თქვენი გამოსვლის დასაწყისსა და დასასრულს გამოთქმული ობიექტური გაბრაზების.

დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებსა და ბავშვებს.

ვფიქრობ, დაუშვებელია სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი. ქალბატონო ქეთი {ბაკარაძე}, თქვენი მხრიდან იყო ექიმის პროფესიაზე და ამ დარგის ცოდნაზე ხაზგასმა. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ექიმისთვის დაუშვებელია სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი, ამის გარეშეც შეიძლება განსხვავებული აზრის გამოთქმა.

მეც მაქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი, მაგრამ ხომ შეიძლება, დავიცვათ მინიმალური სტანდარტი და, უბრალოდ, არ ვისაუბროთ ზიზღის ენით”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.