სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, სადაც ნავთობკომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მიმართა.
„ამ სხდომაზე, ჩემი მხრიდან, ალბათ, ნაკლებად იქნება კითხვები, იმიტომ, რომ თუ ყველა წინა სხდომაზე გარკვეულ არგუმენტად გვქონდა, რომ ევროპის ქვეყნებში ფასები შედარებით დაბალი იყო რიგ პროდუქტებზე და ამ ლოგიკით მივდიოდით, ამ შემთხვევაში (ახლაც ითქვა), ევროპის ქვეყნებში გაცილებით დიდია საწვავის ფასი, ვიდრე ჩვენთან, მათ შორის, აქციზის ფასი იქნება ეს თუ გადასახადი, ესეც საკმაოდ შეღავათიანია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ახლა ჩვენ გვიყურებს მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს და ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ, – არ აქვს მნიშვნელობა, ევროპულ ქვეყანაზე მეტი რომ არ არის, – მათთვის ეს ტვირთია. მაქვს სურვილი, რომ მოვიკვლიოთ, სად არის რესურსი ამ ფასების, თუნდაც, კიდევ უფრო გაიაფებისთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.


