მაია ნიკოლეიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: „ამ ადამიანებში არსებული სიძულვილი სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებს – მათი მტერი ეკლესია კი არ არის, არამედ საკუთარი კონფლიქტები და პრობლემებია“

14

„ამ ადამიანებში არსებული სიძულვილი სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებს – მათი მტერი ეკლესია კი არ არის, არამედ საკუთარი კონფლიქტები და  პრობლემებია“, – ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება გიგი უგულავას გამონათქვამებს, ის შესაძლოა სტიქაროსანი იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. აქ უფრო სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე. პატრიარქი და ეკლესია, ზოგადად, მამის არქეტიპს წარმოადგენს, და როდესაც ამ დონეზე ასეთი დაპირისპირება ჩნდება, ჩემთვის უკვე ნათელია, რა პროცესები მიმდინარეობს მის შინაგან სამყაროში.

არც პატრიარქს და არც ეკლესიას ამით არაფერი აკლდება. ადამიანები, რომლებიც ეკლესიას ქვას ესვრიან, ან პატრიარქის ხატებას ტალახს ესვრიან, რეალურად საკუთარი გადაუჭრელი შინაგანი კონფლიქტების გავლენის ქვეშ მოქმედებენ. მათი მტერი ეკლესია კი არ არის — მტერი თავად მათშია – საკუთარ კონფლიქტებსა და ცხოვრების პრობლემებშია, რამაც ან თვითშეფასებაზე „დაარტყა“, ან ლუზერობაა, ან სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება იყოს. მიზეზების სპექტრი ფართოა.

ამგვარად, ეს ნეგატივიზმით დამძიმებული ადამიანები არიან, რომლებსაც ჩვენ რატომღაც ოპოზიციას ვუწოდებთ, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ტერმინი მათ არ შეესაბამება. ისინი უფრო მარგინალური და ნეგატივიზმით განმსჭვალული ჯგუფია, რომლებმაც, მიუხედავად შესაძლებლობებისა, წარმატებას ვერ მიაღწიეს და კვლავ ცდილობენ იმავე გზით წარმატების მიღწევას, რაც, რეალურად, შეუძლებელია.

ზოგადად, ულტრალიბერალური შეხედულებების მქონე ეს ადამიანები რეალობას აცდენილები არიან. ისინი ვერ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს. მათ უმრავლესობას ზოგ შემთხვევაში იძულებითი ფსიქოლოგიური, ზოგ შემთხვევაში კი ფსიქიატრიული დახმარებაც კი სჭირდებათ, განსაკუთრებით მათ ლიდერებს.

ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამ პარტიების აკრძალვაზე საუბარიც კი გარკვეულ წონას ანიჭებს მათ. სინამდვილეში, ეს არის ნეგატივიზმით დამძიმებული ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სხვადასხვა პლატფორმები არ უნდა ეთმობოდეთ და მათი აზრების ფართოდ გავრცელება არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.