„ცალმხრივი მეგობრობა და ცალმხრივი მოთმინება დიპლომატიაში არასწორი მიდგომაა – ასეთ პირობებში აუცილებელია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი პოზიცია უფრო მკაფიოდ და ხისტად დააფიქსიროს“, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოხსენიების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„გერმანიის მთავრობა დღემდე საქართველოს პრეზიდენტად ზურაბიშვილს მიიჩნევს, და საზოგადოებაში უკვე ის მოსაზრებაც ისმის, რომ იქნებ ადოლფ ჰიტლერს უნდა გაეგზავნოს ნოტა. ჩნდება კითხვა – რატომ უნდა დაბრუნდეს ის განწყობა, რომელიც ერთ დროს არსებობდა, როდესაც ბავშვები „ომობანას“ თამაშისას ერთმანეთს ეძახდნენ: „შენ გერმანელი ხარო“? რატომ უნდა გაჩნდეს შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი გერმანია იმ წარსულის გაგრძელებაა?
ჩემი შეფასებით, ეს არის არადიპლომატიური და საკუთარი თავის პატივის არმცემელი მიდგომა. მსგავსი განწყობები შეინიშნება ასევე მათ წარმომადგენლებშიც – ჩვენ ვხედავთ, ფრიდრიხ მერცი როგორი არადიპლომატიური რიტორიკითა და ანტიქართული განწყობებით გამოირჩევა.
თუ მთლიან სურათს შევხედავთ — დაწყებული კელი დეგნანით, შემდეგ სხვა დასავლელი წარმომადგენლებით, მათ შორის პაველ ჰერჩინსკით – ვნახავთ, რომ ეს ადამიანები შორს დგანან დიპლომატიისგან. თითქოს ეს ერთგვარი სექტაა, რომელბსაც სურთ ქვეყანაში ვითარება არიონ.
ასეთ პირობებში, ხელისუფლების მხრიდან მათი განცხადებებისა თუ ქმედებების იგნორირება დიდი შეცდომაა, რადგან ცალმხრივი მეგობრობა და ცალმხრივი მოთმინება დიპლომატიაში არასწორი მიდგომაა — საჭიროა ჩვენმა ხელისუფლებამ უფრო მკაფიო და ხისტი პოზიცია დააფიქსიროს, რადგან დღეს თუ ეს გერმანიაა, ხვალ სხვა ქვეყნები გამოვარდებიან კლავიშებივით და საბოლოო ჯამში ეს პროცესი ცალკეული შემთხვევები კი არ არის, არამედ ერთი მთლიანი სიმფონიაა“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.


