“სტუდენტური ფესტივალი 2026” სტარტს 1 მაისს რუსთავში აიღებს. ღონისძიებაში საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 45 სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის კონკურსები, შეჯიბრებები, სპორტული მარათონი და გამარჯვებულების დაჯილდოება.
დილიდან რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართება ტურნირი შემდეგ სახეობებში: შვიდკაცა რაგბი, ძიუდო, ნარდი, შაში და ჭადრაკი.
შეჯიბრებების დასრულების შემდეგ, 18:00 საათიდან დაიწყება საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით.
20:00 საათზე რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართება ფესტივალის გრანდიოზული, საზეიმო გახსნა.
20:30 საათზე დაგეგმილია ჯგუფ „ურსას“ სოლო კონცერტი, ხოლო 22:30 საათზე საღამო დიჯეის პროგრამით გაგრძელდება.
„სტუდენტური ფესტივალი“ წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.
წელს სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნისს თბილისში გაიმართება — 5-კილომეტრიან დისტანციაზე სირბილში მონაწილეობას სტუდენტების გარდა ნებისმიერი მსურველიც შეძლებს.
კულტურული ღონისძიებები ასევე გაიმართება ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში.
საპრიზო ფონდი საკმაოდ სოლიდურია. ყველა გამარჯვებული 21 ივნისს, ფესტივალის გრანდიოზულ საზეიმო დახურვაზე დაჯილდოვდება. განსაკუთრებული პრიზი დაწესებულია საუკეთესო გულშემატკივრისთვისაც.
წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის სტატუსს მიიღებს ის უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.
ფესტივალის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.


