გია აბაშიძე სინოდის სხდომაზე: „პატრიარქმა ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. რომ არა წლების წინ მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნა, წარმოგიდგენიათ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?“

16

„სინოდის პირველივე სხდომაზე ყველაფერი გაირკვა, თუმცა ჩემი აზრით, ეს მანამდეც ნათელი იყო, რადგან პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. რომ არა წლების წინ მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნა, წარმოგიდგენიათ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო — განსაკუთრებით იმ ვითარების გათვალისწინებით, რასაც დღეს ვხედავთ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„ფაქტია, რომ პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, თანმიმდევრულად და ყველა მორწმუნე ადამიანი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი იქნება უფლის ნების შესაბამისად.

პოლიტოლოგი ვარ და თეოლოგიის სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ როდესაც ზოგიერთი სასულიერო პირი პოლიტიკაში ერთვება, ბუნებრივია, მათი შეფასება და კრიტიკა შემიძლია. ამიტომ ამ საკითხის სიღრმისეულ განხილვას არ დავიწყებ – ეს ჩემი კომპეტენცია არ არის.

მე დედა ეკლესიის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვარ და მაქვს მოლოდინი, რომ უფლის ნებით ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, მიუხედავად „ყვავყორნებისა“ და მოსისინე სუბიექტების მცდელობებისა“, – განაცხადა გია აბაშიძემ.