გურამ მაჭარაშვილი: “უკრაინის ხელისუფლებამ არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა საქართველოს მისამართით. მაგრამ, თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა”

13

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე მედიასთან ისაუბრა.

„ვფიქრობ, ზელენსკიმ და უკრაინის ხელისუფლებამ დაინახეს ის რეალობა, რაც შექმნა საქართველომ – ჩვენ სწორი პოზიციონირებით შევძელით ის, რომ უკვე ევროკავშირიც დაინტერესებულია ჩვენთან ურთიერთობით; აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციაც პირდაპირ აცხადებს, რომ მაისში აგზავნის დელეგაციას საქართველოში, რათა გადაიდგას ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. ეს ის რეალობაა, რასაც „ხალხის ძალა“ ვამბობდით: ვინც დაგველაპარაკება, როგორც პარტნიორ ქვეყანას, ჩვენც მათთან გვექნება მეგობრული დამოკიდებულება. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, სამწუხარო მოცემულობად რჩება ის, რომ მან არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციულ და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა. თუმცა, ფაქტია, ვერაფერი გაამართლებს იმ განცხადებებსა და ქმედებებს, რაც მოდიოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მისამართით.

ომის დაწყების დღიდან, საქართველო უკრაინის გვერდით იდგა, იქნებოდა ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ საერთაშორისო პლატფორმებზე 600-მდე რეზოლუციაში უკრაინის მხარდაჭერა. ამის მიუხედავად, უკრაინის მხრიდან იყო მოწოდება, შეიცვალოს ხელისუფლება, გაათავისუფლონ სააკაშვილი, გაიხსნას მეორე ფრონტი – ძალიან მძიმე განცხადებები. ამას, რა თქმა უნდა, ვერ დაივიწყებ, მაგრამ მოცემულობაა, რომ ინიციატივა მოდის უკრაინისგან. როგორც ჩანს, რაღაცები გადააფასეს და მიხვდნენ, რომ საქართველომ სწორი პოზიციონირებით ისეთი ადგილი დაიკავა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს უნდათ საქართველოსთან პარტნიორობა. ვფიქრობ, ამიტომ წამოვიდა ზელენსკისგან ჟესტი, რომელიც ვნახეთ სამიტზე. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, უნდა მოვითხოვოთ, უკრაინის მიერ დაფიქსირდეს, რომ მათი განცხადებები და ქმედებები იყო არასწორი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ გვქონდა და არც გვექნება უკრაინელ საზოგადოებასთან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.