შალვა პაპუაშვილი: „მქონდა საუბარი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად“

17

„მქონდა საუბარი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს უფრო სისტემური კონტაქტი ამ ასამბლეასთან“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ქართველ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა მალტის და მასპინძელი ქვეყნის – მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებს და ესაუბრა როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე რეგიონულ საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს მსოფლიოსთვის საერთოა.

„მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი მალტის და მასპინძელი ქვეყნის – მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებს. გვქონდა საუბარი როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე რეგიონულ საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს მსოფლიოსთვის საერთოა. გარდა ამისა, მქონდა შესაძლებლობა, ასამბლეისთვის მიმემართა. როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მესაუბრა საკითხებზე, რომელიც ეხება რეგიონული გაერთიანებების მნიშვნელობის ზრდას.

დღევანდელ სამყაროში ვაკვირდებით გლობალურ დონეზე მოქმედი ორგანიზაციების დასუსტებას, ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ისინი რაიმე მნიშვნელოვან როლს სხვადასხვა სახის კონფლიქტების გადაწყვეტაში ვერ თამაშობენ და ამ დროს მნიშვნელოვანია სწორედ რეგიონული თანამშრომლობა, ისეთი, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით. ამიტომ ამ თანამშრომლობას, როგორც ამ ორ ასამბლეას შორის გავაძლიერებთ. ასევე მქონდა საუბარი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს უფრო სისტემური კონტაქტი ამ ასამბლეასთან, ვინაიდან ხმელთაშუა ზღვა, მისი ქვეყნები არიან გადამწყვეტი ევროპის უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, უმოკლეს დროში ვაპირებთ, მივმართოთ ამ განაცხადით დამკვირვებლის სტატუსთან დაკავშირებით. კოლეგებისგან გვქონდა შესაძლებლობა, წინასწარ მხარდაჭერა მოგვეპოვებინა მალტის, მონტენეგროს და სხვა პარლამენტის თავმჯდომარეებისგან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიხსნა.