თამარ კიკნაძე: „მიზანი, რომლის მიღწევასაც აშშ ამ სამხედრო ოპერაციით ცდილობდა, საბოლოოდ ვერ განხორციელდა. ირანი წარმოადგენს უნიკალურ სახელმწიფოს – როგორც გეოგრაფიული მდებარეობით, ისე ისტორიული და ცივილიზაციური თავისებურებებით, რის გამოც მისი დამარცხება არც ისე მარტივია, როგორც ამას ტრამპი ვარაუდობდა“

20

„გაცხადებული მიზანი, რომლის მიღწევასაც ამერიკის შეერთებული შტატები ამ სამხედრო ოპერაციით ცდილობდა, საბოლოოდ ვერ განხორციელდა“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, თამარ კიკნაძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„აღმოსავლეთმცოდნეთა ნაწილი, მათ შორის მეც, ვთვლიდით, რომ ეს ნაბიჯი აშშ-სთვის არ იყო გამართლებული, რადგან ირანი უნიკალური სახელმწიფოა როგორც გეოგრაფიული მდებარეობით, ისე ისტორიული და ცივილიზაციური თავისებურებებით. მასში მნიშვნელოვან როლს თამაშობს შიიტური ისლამის სპეციფიკა, ასევე 2500 წელზე მეტი ხნის იმპერიული ტრადიცია, რაც ირანულ საზოგადოებაში განსაკუთრებულ მენტალიტეტს აყალიბებს. აქედან გამომდინარე, ირანის დამარცხება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც ამას დონალდ ტრამპი ვარაუდობდა.

ამ ფონზე, ამ სამხედრო ოპერაციამ რეგიონში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა. ფაქტობრივად, შეირყა ყურის ქვეყნების უსაფრთხოების ის სისტემა, რომელიც ამერიკული „დაცვის ქოლგის“ სახით იყო აღქმული. შედეგად, აღმოჩნდა, რომ დაცულობის გარანტიები არ იყო ისეთი მყარი, როგორც ეს ადრე ჩანდა. პარალელურად, არაერთი დარტყმა მიადგა რეგიონულ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას — მათ შორის ტექნოლოგიურ ცენტრებსა და ნავთობტერმინალებს, რამაც გავლენა იქონია დუბაის, როგორც ფინანსური ჰაბის, პოზიციებზეც. ასევე გაჩნდა პროცესები, რომლებიც უკავშირდება ენერგეტიკულ ბაზრებს და ოპეკ-ის ფარგლებში არსებულ ბალანსს, რაც ზოგადად რეგიონულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას ცვლის.

ირანი, თავის მხრივ, ცდილობს რეგიონული უსაფრთხოების ახალი ფორმატის ინიციირებას და ყურის ქვეყნებს სთავაზობს რეგიონული საკითხების გადაწყვეტაში გარე აქტორების როლის შემცირებას და ალტერნატიული რეგიონული უსაფრთხოების სტრუქტურის შექმნას.

რაც შეეხება ირანის მდგომარეობას — ის დასუსტდა თუ გაძლიერდა — შეფასებები განსხვავებულია. ირანი ზესახელმწიფოდ მიიჩნევა და თავად ირანსაც აქვს პრეტენზია, რომ ნამდვილად ზესახელმწიფოა და მიმდინარე პროცესებმა მისი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა.

ამასთან, აქ ცალსახად მხოლოდ აშშ-ის ინტერესები არ იკვეთება, არ დაგვავიწყდეს, რომ ყურის ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული დიდ ბრიტანეთთან და აშშ დოლარზე მიბმული ნავთობ-ფინანსური სისტემა ჯერ კიდევ 1970-იანი წლების შეთანხმებების შედეგია. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ პროცესებში ბრიტანული ინტერესებიც იკვეთებოდეს. საბოლოოდ, რეგიონში ამერიკული გავლენის გარკვეული შესუსტება და ძალთა გადანაწილება აშკარად შეინიშნება.

ისრაელის კონტექსტშიც ხშირად ისმის შეფასება, რომ აშშ-ის პოლიტიკა მისი გავლენის ქვეშ არის, თუმცა რეალურად რთულია ცალსახად თქმა, ვინ ვის ინტერესებს ატარებს. ისტორიულადაც არაერთი პროგნოზი კეთდებოდა რეგიონული რუკის ცვლილებაზე და ახლო აღმოსავლეთში კვლავაც მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაადგილებები“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.