„თუ ადამიანს დააჯერებ, რომ მასში შეიძლება ორი განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არსებობდეს, შესაძლოა მასაც გაუჩნდეს ამგვარი განცდა. ხოლო თუ კულტურა და გარემო მუდმივად უბიძგებს ადამიანს იმისკენ, რომ ეს სრულიად ბუნებრივი და მიღებული მოვლენაა, დიდია ალბათობა, რომ მანაც ბუნებრივად აღიქვას ეს“, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემა „ლიბერალიზმის ანატომიაში“ კონვერსიული თერაპიის აკრძალვის შესახებ ევროკავშირის რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
„ახალგაზრდობაში გიპნოზით ვიყავი გატაცებული. ეს თავისთავად ძალიან საინტერესო სფეროა და განსაკუთრებით სხვადასხვა ექსპერიმენტი მაინტერესებდა — არა თავად დაძინების პროცესი, არამედ ის, თუ როგორ მოქმედებს შთაგონება ადამიანზე. სხვადასხვა ცდას ვატარებდი. ერთხელ, ექსპერიმენტის მიზნით, მძინარე ადამიანს შევაგონე, რომ ადამიანი კი არა, თუთიყუში იყო. ვუთხარი: „შენ თუთიყუში ხარ“ და გავჩუმდი. ამ დროს ერთ-ერთმა დამსწრემ მეორეს გადაულაპარაკა: „სიგარეტი მომეცი“, და იმ ადამიანმა ეს ფრაზა მაშინვე გაიმეორა. მიუხედავად იმისა, რომ ულაპარაკო თუთიყუშებიც არსებობენ, მის წარმოდგენაში თუთიყუშთან სწორედ ნათქვამის გამეორება ასოცირდებოდა და ამიტომაც მოიქცა ასე.
რატომ გავიხსენე ეს ამბავი — მე თავად მსგავსი რამ არ გამიკეთებია, მაგრამ სხვებისგან მსმენია შემთხვევები, როდესაც ადამიანს ეუბნებოდნენ, რომ, მაგალითად, „მორი“ იყო, შემდეგ ორ სკამზე აწვენდნენ და ზედ გიპნოზიორი დგებოდა, სხეული კი არ იღუნებოდა. ანუ ადამიანი იმ როლს ასრულებს, რასაც შთააგონებ.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია საპირისპირო პროცესიც — თუ ადამიანს ჰგონია, რომ ადამიანი არ არის და საკუთარ თავს სხვა რამედ აღიქვამს, შესაძლებელია მისი დარწმუნება, რომ ის ადამიანია. თუმცა ეს მხოლოდ გიპნოზით არ ხდება, გიპნოზი ასეთი ყოვლისშემძლე მეთოდი არ არის. რაც შეეხება კონვერსიულ თერაპიას, არც ის იძლევა ასპროცენტიან შედეგს, თუმცა ამ პროცესში იყენებენ სხვადასხვა თერაპიულ მეთოდს, მათ შორის გიპნოზსაც, და ზოგიერთ შემთხვევაში ამას მართლაც აქვს გარკვეული შედეგი.
თუ ადამიანს დააჯერებ, რომ მასში შეიძლება ორი განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არსებობდეს, შესაძლოა მას გაუჩნდეს ამგვარი განცდა. რამდენად ღრმა და ხანგრძლივი იქნება ეს — სხვა საკითხია: შეიძლება იყოს დროებითი, რამდენიმე წუთიანი, ერთდღიანი ან უფრო ხანგრძლივიც, მაგრამ როგორც ადამიანს შეიძლება შთააგონო „თუთიყუში ხარ“ ან „მორი ხარ“, ისე შეიძლება შთააგონო – „ლგბტ ხარ“. და თუ კულტურა და გარემო უბიძგებს ადამიანს იმისკენ, რომ ეს სრულიად ბუნებრივი და მიღებული მოვლენაა, დიდია ალბათობა, რომ მანაც ბუნებრივად აღიქვას ეს.
მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია ევროპაში აუცილებლად მოკვდება, რადგან ხელოვნური და ალოგიკური იდეები დიდხანს ვერ ძლებს. როგორც ჰიტლერის იდეოლოგიამ ვერ გაძლო, როგორც კომუნისტურმა თეორიამ ვერ გაძლო, ისეა ესეც – რაც ხელოვნურია და ადამიანის ბუნებას არ შეესაბამება, შესაძლოა გარკვეული დროით ბუნება წაიყოლიოს, მაგრამ დიდხანს მაინც ვერ გაძლებს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


