„ევროპა „მზის ჩასვლას“ უახლოვდება — ამის შესახებ უკვე დასავლელი მკვლევრები და პოლიტიკოსებიც საუბრობენ“, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემა „ლიბერალიზმის ანატომიაში“ განაცხადა.
„პოლიტიკური ფსიქოლოგიის ფარგლებში არსებობს მოსაზრება, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ხშირად განსაკუთრებული, ზოგჯერ კი საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური მახასიათებლები უყალიბდებათ. ამ თემაზე მუშაობდა დიპლომატი და მკვლევარი დევიდ ოუენი, რომელმაც ჩამოაყალიბა „ჰუბრისის სინდრომის“ თეორია. ეს სინდრომი აღწერს მდგომარეობას, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი იმდენად ქედმაღალი ხდება, რომ სხვების რჩევებს, საზოგადოების განწყობებსა და გარემოებებს აღარ ითვალისწინებს. მას უჩნდება განცდა, რომ თავად არის ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მართალი და შეუცდომელი. ქედმაღლობა თითქმის ყველა რელიგიაში ცოდვად ითვლება და მიიჩნევა, რომ ღმერთი სჯის ასეთ ადამიანს. მსგავსი პროცესები მხოლოდ ინდივიდებს კი არა, ცივილიზაციებსა და კულტურებსაც ახასიათებთ.
ევროპამ მსოფლიოს მისცა ტექნოლოგიური პროგრესი, მეცნიერების განვითარება, დემოკრატიული მოდელები და ძლიერი სამხედრო პოტენციალი. სწორედ ამან წარმოშვა ევროპოცენტრიზმი — წარმოდგენა, რომ „რაც ევროპულია, კარგია“. ეს მხოლოდ ჩვენი და „აკაცუკების“ აკვიატება კი არ არის, თავად ევროპულ საზოგადოებაშიც ასე მიაჩნიათ.
ამიტომ, ევროპაში ხშირად ფიქრობენ, რომ სწორედ მათი ხედვაა უნივერსალური ჭეშმარიტება — მათ შორის ადამიანის თავისუფლების, პირადი ცხოვრების და სოციალური ნორმების საკითხებში. როდესაც ევროპა ჩამოყალიბდა მსოფლიოს წამყვან სივრცედ, გაჩნდა განცდა, რომ მისი სტანდარტები და ღირებულებები დანარჩენმა მსოფლიომაც უნდა გაიზიაროს. სწორედ აქედან მოდის ტერმინები „ევროპოცენტრიზმი“ და მოგვიანებით — „ამერიკოცენტრიზმი“.
მთელი თავისებურება იმაშია, რომ კაცობრიობას მრავალი იმპერია ახსოვს და თითქმის ყველა მათგანისთვის დამახასიათებელი იყო მსგავსი ეგოცენტრიზმი. საბოლოოდ, ბევრი იმპერია სწორედ იმ მომენტში დასუსტდა, როდესაც რეალობის განცდა დაკარგა.
დღეს უკვე დასავლელი მკვლევრები და პოლიტიკოსებიც საუბრობენ იმაზე, რომ ევროპა თავის დასასრულს, ასე ვთქვათ „მზის ჩასვლას“ უახლოვდება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


