„უპრეცედენტო ფაქტია ის, რაც ხდება – აბსურდულია ის ბრალდება, თქვენი ტელევიზიის მისამართით რაც თქვეს, რომ თქვენ წააგებინეთ ზელენსკის ომი უკრაინაში. ეს ისეთი განცხადებაა, როგორც იტყვიან, „მკვდარსაც კი გაეცინებაო“. მათ სხვა გზა აღარ დარჩენიათ, გარდა ასეთი აბსურდული ბრალდებებისა“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „პოსტივის“ ეთერში, ქართული ტელევიზიების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
„სულ მალე, ამას დიდი დრო აღარ დასჭირდება, ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანილი იქნება უნიკალური მოვლენები — იმ ძალების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი დამარცხება, რომლებსაც ლიბერალურ-ფაშისტურ ძალებსაც უწოდებენ.
ჩვენ თვალს ვადევნებთ 2023 წლიდან დღემდე, როგორ მოქმედებდნენ ეს ძალები — ღიად, პირდაპირ და საკმაოდ აგრესიულად ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და, როგორც ხშირად ამბობენ, „გაბაიბურებას“. სწორედ ამ პროცესს დაუპირისპირდა მედიის ნაწილი, მათ შორის „პოსტივი“, „იმედი“, „რუსთავი 2“ და სხვა მცირე ტელევიზიები.
როდესაც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა მოწოდებები ძალადობისკენ, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები, სადაც ის მხარდამჭერებს მოუწოდებდა ძალადობრივი მოქმედებებისკენ, ეს უკვე გახდა იმის ნიშანი, რომ მათ ფაქტობრივად ბრძოლა წააგეს – თქვენ მოუგეთ – უპირველესად ჟურნალისტებმა, სტუდიაში მოწვეულმა სტუმრებმა, თქვენმა ანალიტიკურმა გადაცემებმა, საბოლოოდ „ბეჭებზე დასცა“ ისინი. ამიტომ არიან გაგიჟებულები, „გაშიშვლებულები“ რომ ენახებიან მსოფლიოს.
უპრეცედნეტო ფაქტია ის რაც ხდება, აბსურდულია ის ბრალდება, რაც თქვენი ტელევიზიის მისამართით გააჟღერეს, თითქოს თქვენ წააგებინეთ ზელენსკის ომი უკრაინაში. ეს ხომ იმ დონის ამბავია, „მკვდარსაც კი გაეცინებაო“, რომ იტყვიან. მაგრამ მათ სხვა გზა აღარ დარჩენიათ, გარდა ასეთი აბსურდული ბრალდებებისა“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.


