„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეკლესია, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ვიგინდარებსა და ვირეშმაკებს გზას არ მისცემს და მეუფე შიო იქნება საქართველოს ისტორიაში შიო მესამე, კათოლიკოს-პატრიარქი“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ საპატრიარქო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ამასთანავე, მინდა გულისტკივილით აღვნიშნო ის, რაც წერია სახარებაში, რომელიც კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ არის აღიარებული. იქ წერია: როდესაც უფალი იესო ქრისტე უნდა გაეცათ, მისმა მოწაფეებმა ერთგულება შეჰფიცეს, მაგრამ პეტრეს უთხრა: „სანამ მამალი იყივლებს, მანამდე სამჯერ უარმყოფ“. ჩვენ ვნახეთ რამდენმა ადამიანმა უარყო პატრიარქი — გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე და შემდეგაც – დაკრძალვიდან 40 დღემდე, მანამ, სანამ მისი სული სასუფეველში დაივანებდა. ამაზე მტკივა ყველაზე მეტად გული.
სახარებაში ისიც წერია: „არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება“. ამიტომ, ზოგიერთმა ვირეშმაკულ პოლიტიკას მიმართა და დაიწყო განცხადებების კეთება, თითქოს „პატრიარქი კი კარგი იყო, ჩვენთვის ნამდვილი მამა იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მამა შიოსთან დაკავშირებით მას რუსებმა მიაღებინესო“. მითხარით, ეს რა ლოგიკაში ჯდება?
ეს არის სწორედ ის ვირეშმაკობა, რომელიც თითოეულ მათგანს წინ დახვდება. უფალი დიდია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეკლესია, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ასეთ ვიგინდარებს და ვირეშმაკებს გზას არ მისცემს“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.


