გიორგი სოსიაშვილი: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალი პატრიარქი – მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, რომელიც ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე გამოარჩია ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა, აწ განსვენებულმა დიდმა მწყემსმთავარმა, ილია მეორემ, მოსაყდრედ – გახდება ჩვენი ეკლესიის ნამდვილი სინდისი“

13

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალი პატრიარქი – მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, რომელიც ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე გამოარჩია ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა, აწ განსვენებულმა დიდმა მწყემსმთავარმა, ილია მეორემ, მოსაყდრედ – გახდება ჩვენი ეკლესიის ნამდვილი სინდისი“ – ასე გამოეხმაურა მეუფე შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი.

„მინდა მივულოცო ჩვენს საზოგადოებას, მთელ ერს ეს გამორჩეულად მნიშვნელოვანი დღე – წმინდა სინოდის მიერ ახალი პატრიარქის არჩევა. დღეიდან საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში ჩაუდგება ახალი, 142-ე პატრიარქი.

დღეს, როდესაც თვალს ვადევნებდი ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს და ვისმენდი შიო მესამის სამადლობელ სიტყვას, გამახსენდა სვეტიცხოველში, კირიონ კათოლიკოსის აღსაყდრებისას წარმოთქმული სიტყვები:
„დღეს განვისვენო ტკბილსა შენსა წიაღსა შინა, არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა“.

მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალი პატრიარქი – მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, რომელიც ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე გამოარჩია ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა, აწ განსვენებულმა დიდმა მწყემსმთავარმა, ილია მეორემ, მოსაყდრედ – გახდება ჩვენი ეკლესიის ნამდვილი სინდისი. დარწმუნებული ვარ, იგი მრავალ მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს ჩვენი დედაეკლესიისთვის, ვინაიდან ეკლესიის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი არსებობა, ჩვენი იდენტობა და ჩვენი ეროვნული ცნობიერება.

ეკლესია არის ჩვენი საყრდენი და ეროვნული თვითშეგნების განმსაზღვრელი ძალა. მის გარეშე ქართველი ადამიანი წარმოუდგენელია. სწორედ ეკლესიის მიერ არის შედუღაბებული ჩვენი ადათ-წესები, ტრადიციები და სულიერება.

დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე იყო ჩვენი სულიერი და საზოგადოებრივი ცხოვრების მესაჭე ჩვენი ეკლესია, ასე იქნება მომავალშიც და გაგრძელდება ის დიდი გზა, რომელიც თავის დროზე დასახა დიდმა პატრიარქმა, აწ ნეტარხსენებულმა ილია მეორემ“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.