„მეუფე შიო, რომელიც დღეს უკვე პატრიარქია, არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ვინც იცნობს და არ იცნობს მას, ამაში ყველა დარწმუნებულია“, – განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში, სადაც ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.
„ასეთი იყო ღვთის ნება, ასეთი იყო მეუფეთა ნება და დღეს მართლაც ისტორიული დღეა. ვულოცავ მას, ვუსურვებ ბევრ წარმატებას, ჯანმრთელობას, რომ შეძლოს ამ უდიდესი პასუხისმგებლობისა და იმ მოვალეობის შესრულება, რაც ღმერთმა და სინოდის წარმომადგენლებმა დააკისრეს. მართლაც ძალიან რთულია ილია მეორის შემდეგ ამ მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ის ამას შეძლებს და იქნება გამორჩეული პატრიარქი. ვფიქრობ, ის თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


