თორნიკე ფაღავა რადიკალურ ჯგუფებზე: „მათი მთავარი მიზანია, რომ საქართველოს ყველაზე კრიტიკულ და მნიშვნელოვან მომენტებში არ ჰყავდეს ისეთი ავტორიტეტი, რომლის გარშემოც ერი და საზოგადოება გაერთიანდება“

14

„მათი მთავარი მიზანია, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ მომენტებში საქართველოს არ ჰყავდეს ისეთი ავტორიტეტი, რომელსაც ერი და საზოგადოება გაჰყვება. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში დამიზნებით ცდილობენ ქართული ეკლესიის მაღალი იერარქებისა და მისი მესვეურების რეპუტაციის შელახვას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თორნიკე ფაღავამ რადიკალური ჯგუფების მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ებრძოდნენ თავის დროზე ილია II-ს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თავად იყვნენ ხელისუფლებაში. მუდმივად ცდილობდნენ მისი ავტორიტეტის შელახვასა და დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, ეს მცდელობები უშედეგო იყო, თუმცა მცდელობას არ აკლებდნენ. ასევე გვახსოვს, როგორ მიმდინარეობდა შემდეგ უკვე ილია II-ის მოსაყდრის, მეუფე შიოს წინააღმდეგ კამპანია – როგორ ცდილობდნენ მისი ავტორიტეტის შერყევასა და საზოგადოების თვალში მის დამცირებას.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ ხდება ეს, ვფიქრობ, მათი მთავარი მიზანია, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ მომენტებში საქართველოს არ ჰყავდეს ისეთი ავტორიტეტი, რომელსაც ერი და საზოგადოება გაჰყვება. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში დამიზნებით ცდილობენ ქართული ეკლესიის მაღალი იერარქებისა და მისი მესვეურების რეპუტაციის დაზიანებას.

ისინი ებრძვიან ნებისმიერ ავტორიტეტს, რომელსაც ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტებში საზოგადოების წინაშე სიტყვა ეთქმის და რომელსაც შეუძლია სახელმწიფოებრივი პოზიციის დაფიქსირება. მათ სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც იქნებიან დამყოლები და ქვეყნის ბედს ისე გადაწყვეტენ, როგორც მათ ინტერესებში შედის.

მათი ავტორიტეტი და საზოგადოებრივი მხარდაჭერა პრაქტიკულად ნულოვანია, ამიტომ შურთ იმ ადამიანების, ვისაც ხალხის ნდობა და პატივისცემა აქვს. ჩვენ გვახსოვს, როგორ ჩაიარა ილია II-ის დაკრძალვამ – ქართველმა ხალხმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ერთიანობა და ღირსება აჩვენა. მთელმა ერმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველას დაანახა, სად დგას ქართველი ხალხი, ვისი და რისი ერთგულია. ეს იყო მნიშვნელოვანი გამოცდა, რომელიც ქართველმა ერმა წარმატებით და ღირსეულად ჩააბარა“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.