„საზოგადოებამ ბოლო წლებში არაერთი რევოლუციის მცდელობა იხილა, მათ შორის პირდაპირ ეთერშიც, თუმცა ყველამ ნათლად დაინახა, რომ ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა — დარწმუნებული ვარ, არც ამჯერად გამოუვათ რაიმე და 26 მაისიც მათი პოლიტიკური კრახით დასრულდება.““, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თორნიკე ფაღავამ „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 26 მაისის აქციას აორგანიზებენ ეგრეთ წოდებული ალიანსის წევრები. აქვე მსურს ვთქვა, რომ რეალურად არანაირი ალიანსი არ არსებობს – ეს არის დაშლილი და შემდეგ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია. აბსოლუტურად ყველა ლიდერი, რომელიც ამ ალიანსშია წარმოდგენილი, წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, მათ შორის – მაღალი თანამდებობის პირები და ამ პოლიტიკური ძალის იდეოლოგები.
ჩემი შეფასებით, რაც დღეს გარედან ჩანს, 26 მაისის აქცია საბოლოოდ კრახით დასრულდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროცესი, თუ ვის დაბრალდება ეს კრახი. სწორედ ეს არის მათი დღევანდელი ურთიერთბრალდებებისა და გადაძახილ-გადმოძახილის მთლიანი ანატომია.
ალბათ ყველა ადევნებს თვალს სააკაშვილის, მელიასა და ხაბეიშვილის განცხადებებსა და წერილებს – ისინი ერთმანეთსაც კი უპირისპირდებიან. თუმცა აქ მთავარი სათქმელი ის არის, რომ ეს ადამიანები ქართული საზოგადოებისთვის უკვე აღარ წარმოადგენენ პოლიტიკური გემოვნების საკითხს, ისინი პოლიტიკური კეთროვანები არიან. ამიტომ მნიშვნელობა აღარ აქვს, გაერთიანდებიან, დაიშლებიან, სხვა ფორმას მიიღებენ თუ ახალ პოლიტიკურ პროექტს შექმნიან – ნებისმიერ შემთხვევაში, კრახისთვის განწირულები არიან.
26 მაისი განსაკუთრებული დღეა, რომლის ირგვლივაც ქართული საზოგადოება ყოველთვის ერთიანდება. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ამ მნიშვნელოვანი და ისტორიული დღის დისკრედიტაციას ან საზოგადოებაში დისონანსის შეტანას.
აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო ისიც, რომ როდესაც ეს ალიანსი შეიქმნა, თავად გვარამიამ და სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს გაერთიანება მათი გარე პარტნიორებისა და პატრონების მოთხოვნით ჩამოყალიბდა – ერთმა ეს წერილობით თქვა, მეორემ კი პირდაპირ ეთერში.
სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სადაც დასავლეთს პირდაპირ საყვედურობს, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოში ადამიანის უფლებები აღარ აინტერესებს და რომ დასავლეთმა დაიწყო ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან. ამავე წერილში იგი საზოგადოებას პირდაპირ მოუწოდებს მეტი რადიკალიზმისა და ესკალაციისკენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ადამიანებმა ვერაფერი დაივიწყეს და, სამწუხაროდ, ვერც ვერაფერი ისწავლეს.
რა თქმა უნდა, მათი რესურსი ელექტორალური თვალსაზრისით პრაქტიკულად ნულოვანია და იგივე შეიძლება ითქვას ქუჩის მხარდაჭერაზეც. ისინი მხოლოდ შემთხვევითობის პრინციპითა და არაკონსტიტუციური პროცესების იმედად ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
თუ ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვებით და მოვლენებს თავის სახელს დავარქმევთ, დავინახავთ ერთ ტენდენციას: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. იგივე განმეორდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარეს და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. ანალოგიური სცენარი ვიხილეთ 2024 წლის არჩევნების შემდეგაც. ანუ უკვე 12 წელია, ეს პოლიტიკური ძალა სისტემურად და თანმიმდევრულად უარს ამბობს არჩევნებზე, როგორც ხელისუფლების შეცვლის დემოკრატიულ ინსტრუმენტზე. აქედან გამომდინარე, მუდმივად ცდილობენ პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გატანას – სხვადასხვა გზითა და მეთოდით, მათ შორის გარე ძალების დახმარებითაც.
ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს — ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირ ეთერშიც არაერთი რევოლუციის მცდელობას ვადევნებდით თვალს, თუმცა ვნახეთ ისიც, რომ მათ ვერაფერს მიაღწიეს. დარწმუნებული ვარ, არც ამჯერად გამოუვათ რაიმე და 26 მაისიც მათი პოლიტიკური კრახით დასრულდება“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.


