„განსხვავებით უკრაინისგან, როგორც საპარლამენტო გუნდის წარმომადგენელი, არ ჩავერევი მათ შიდა პოლიტიკურ საქმეებში, თუმცა ჩვენ გვაქვს საკუთარი სახელმწიფოებრივი, ეროვნული და, მათ შორის, ეგზისტენციალური ინტერესები, რომლებსაც ვერავის ხათრით – მათ შორის ვერც უკრაინის ხათრით – ვერ გადავუხვევთ“, — ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თორნიკე ფაღავამ საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მოწოდებები „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით, რომლებიც შემდეგ თავადვე გახადეს სასაცილო. აქვე უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ვცხოვრობთ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში: ჩრდილოეთით რუსეთ-უკრაინის ომია, ახლო აღმოსავლეთში — სამხედრო დაპირისპირება, ხოლო ჩვენს რეგიონში ცოტა ხნის წინ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორისაც არსებობდა შეიარაღებული კონფლიქტი. ასეთ ფონზე გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც საქართველოს მიერ გატარებულ მშვიდობის პოლიტიკას დასცინის. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ქართულ საზოგადოებას უწევს ცხოვრება.
ამავდროულად, ვნახეთ ერევანში გამართული სამიტიც, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა თავად გამოთქვა სურვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ. შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ – არ დავთმობთ ჩვენს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ და სასიცოცხლო ინტერესებს არც უკრაინის და არც ვოლოდიმირ ზელენსკის ხათრით“, — განაცხადა თორნიკე ფაღავამ.


