„საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენ არც დასავლეთის, არც აღმოსავლეთის, არც ჩრდილოეთის და არც სამხრეთის კარნახით არ ვმოქმედებთ და გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ. ახლა ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, რა გზას აირჩევს: მიგვიღებს თუ არა ისეთებად, როგორებიც ვართ, და შეეგუება თუ არა იმას, რომ ჩვენს პოლიტიკასა და ღირებულებებს არ შევცვლით“, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს, საიდან დაიწყო ყველაფერი? როგორ მივისწრაფოდით ევროპისკენ?
ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს დაბადებას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. ჩვენთვის ევროკავშირი იყო სივრცე, სადაც დაცული იყო ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ძლიერი სასამართლო სისტემა, განვითარებული განათლება და თავისუფალი გადაადგილება. გვჯეროდა, რომ სწორედ იქ იყო ჩვენი ადგილი.
თუმცა დღეს ვხედავთ, რომ რეალობა შეიცვალა. აღარ არიან მარგარეტ ტეტჩერი, ფრანსუა მიტერანი, ჰანს-დიტრიხ გენშერი — ადამიანები, რომლებიც ევროპისა და ევროკავშირის არქიტექტორებად მიიჩნეოდნენ. ჩვენი თაობა სწორედ იმ ევროკავშირზე ოცნებობდა, რომელიც მათი ხედვითა და ძალისხმევით შენდებოდა.
ახლა კი რა ხდება? რა მიმართულებით წავიდა და საით მიემართება ევროკავშირი?
გვახსოვს, რომ 2000-იან წლებში სკოლებში არსებობდა სამლოცველო კუთხეები, კედლებზე კი ათი მცნება იყო გამოკრული. შემდეგ სისტემიდან წამოვიდა მითითება, რომ ეს ბავშვთა უფლებების შელახვა იყო, რადგან ბავშვი ჯერ სრულწლოვანი უნდა გამხდარიყო და მხოლოდ შემდეგ გადაეწყვიტა, სურდა თუ არა რელიგიური ცხოვრების არჩევა. ამბობდნენ, რომ ილახებოდა იმ ბავშვის უფლებებიც, რომლის ოჯახი ათეისტური იყო, ან იმ მოსწავლის უფლებები, რომელიც მართლმადიდებელი არ გახლდათ.
მოგვიანებით აქტიურად წამოიწია სექსუალური უმცირესობების საკითხმაც — ვინ არიან, რა უფლებები აქვთ და რა საჭიროებს დაცვას. ასეთი ადამიანების შესახებ მანამდეც ვიცოდით, თუმცა ეს საკითხი საჯარო სივრცეში აქტიურად არ განიხილებოდა – ამ ადამიანებს არც არავინ ერჩოდა და არც მათი პოპულარიზაცია ხდებოდა.
შესაბამისად, ლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო და არის ისეთი თაობების აღზრდა, რომლებიც საკუთარ ეროვნულ, კულტურულ და რელიგიურ ფესვებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და საკუთარ თავს, პირველ რიგში, „მსოფლიო მოქალაქეებად“ აღიქვამენ.
მიუხედავად ამ ვითარებისა, საქართველო დარჩა იმ ციხესიმაგრედ, რომლის აღებაც ვერა და ვერ შეძლეს და, მე თუ მკითხავთ, მთელი ჩვენი ქვეყნის ხიბლიც სწორედ ამაშია.
ჩვენ კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირი. ახლა ევროპამაც უნდა გადაწყვიტოს, ამ ახალი პოლიტიკური რეალობისა და არჩევნების შედეგად შეცვლილი განწყობების გათვალისწინებით, რა გზას აირჩევს: მიგვიღებს ისეთებად, როგორებიც ვართ, თუ შეეგუება იმას, რომ საქართველო საკუთარ პოლიტიკასა და ღირებულებებს არ შეცვლის.
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენ არც დასავლეთის, არც აღმოსავლეთის, არც ჩრდილოეთის და არც სამხრეთის კარნახით არ ვმოქმედებთ — გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.


