„ჩვენთვის გადატვირთვის პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია ის, რომ, უპირველეს ყოვლისა, ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, რომელიც ჩვენთვის არის გადამწყვეტი, იყენებს, მათ შორის, ამერიკულ-ქართულ ურთიერთობასთან დაკავშირებით – ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის შესახებ.
„სწორედ ეს ორი პრინციპი იყო, რომელსაც უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია – სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს. ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ის ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება.
რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 2009-2010 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, როგორც დამამშვიდებელი პრიზი, გადასცეს მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომ საბოლოოდ არ ჩამოშლილიყო, ამ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით არის სრული კონსენსუსი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ამერიკელების მხრიდანაც, რომ ის იყო ცარიელი, არაფრისმთქმელი დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელსაც არ ჰქონდა არსებითი შინაარსი.
ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს ეფუძნებოდეს და მიმართული იყოს ამერიკელი და ქართველი ხალხისთვის რეალური შედეგების დადგომისკენ. ასე რომ, ვფიქრობ, ამ მხრივ საერთო მიდგომა გვაქვს ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


