შალვა პაპუაშვილი დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შესახებ: “საქართველოს მთავრობა მოქმედებს ზუსტად იმ მიდგომებით, რომელიც მას ყოველთვის აქვს – გამოვიდეს მოსახლეობის და, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით, როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, მათი საუკეთესო ინტერესებიდან”

25

“ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება. ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის, ჩვენი მხრიდანაც ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ მთავარია, გამოვიდეთ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაცია შედგა პარლამენტში, სადაც მან განაცხადა, რომ მედიკამენტებს რაც შეეხება, ბაზარზე არის სხვადასხვა ფარმაცევტული ორგანიზაციის ინტერესები, რომ საკუთარ მედიკამენტებს მიაწერონ ის თვისებები, რომლებიც არ აქვს. სწორედ ამაზე მუშაობენ ამერიკული თუ ევროპული წამლის დაშვების ასოციაციები – ზოგ მედიკამენტზე არის დაშვება, ზოგზე – არა.

ის, რომ გუშინ ითქვა, რომ ორ მედიკამენტზე არის ფიქრი, არ არის შემთხვევითი. რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ინტერპელაციის დროს ითქვა, რომ არის ორი მედიკამენტი, რომელზეც ყველაზე მეტი იმედი არსებობს, რომ გარკვეული ეფექტიანობა აქვს.

ასე რომ, ეს არის პროცესის მიმდინარეობა, რომელშიც ახლა თავად პრემიერ-მინისტრიც ჩაერთო და მშობლებიც წარმოდგენილი არიან სამუშაო ჯგუფში, რომელიც ამ პროცესს გაჰყვება ბოლომდე.

საქართველოს მთავრობა მოქმედებს ზუსტად იმ მიდგომებით, რომელიც მას ყოველთვის აქვს. გამოვიდეს მოსახლეობის და, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით, როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, მათი საუკეთესო ინტერესებიდან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებითან პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.