„მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ“, – წერს პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მისამართით, რომელმაც მის პარტიასა და მიხეილ სააკაშვილზე გვარამიას მხრიდან თავდასხმას მოულოდნელი უწოდა.
„წარმატებას გისურვებ ამაში, მხოლოდ გამიხარდება, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემა და ყველას და ყველაფრის გინებას მორჩება ენმ. იცი ამაზე ჩემი პოზიცია და არ გაგიკვირდება ჩემი კეთილი სურვილები. ასევე, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც. რაც შეეხება თამარ ბაღაშვილის კომენტარს მიშა სააკაშვილზე ჩემი თავდასხმის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეესაბამება და სამწუხარო მოსასმენია.
P.S. “ნაცმოძრაობა”, სადაც, ბოლო რამდენიმე წელია, სკანდალურად იცვლებიან თავმჯდომარეები, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
თინა ბოკუჩავამ „ფორმულას” ეთერში განაცხადა:
„არ მეგონა, რომ ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” ნიკა გვარამიას მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განპირობებული იმ შიდა პარტიული ტურბულენციით, რაც თავად “ახალშია”. ვფიქრობ, რომ ამ პერიპეტიებმა განაპირობა ის, რომ მან ამგვარი საჯარო განცხადება გააკეთა. მე ამას მივაწერ ასეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გაკვირვებული დამტოვა. რაც შეეხება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, იქ საუბარი იყო, რამდენად ქმედითუნარიანია თავად პარტია და ა.შ. მერწმუნეთ, ვინ ვინ და, მე გადასარევად მესმის, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გახდეს პარტია”.


