„მე თუ მკითხავთ, არც ერთი მათგანი არ არის ის, რაც ოპოზიცია უნდა იყოს. როგორც არ უნდა იბრძოლონ, სადაც არ უნდა დასხდნენ და ვინც არ უნდა ლანძღონ, ყველა ხედავს, რამდენად დაბალ დონეზე დგანან ისინი — არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ზნეობრივად და მორალურად“, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ბოლოს და ბოლოს, რა გინდა პოლიტიკაში, თუ შეცდი, გაცვდი, გაჭაღარავდი, მთელი პოლიტიკური რესურსი ამოწურე და მაინც ვერ მიაღწიე პოზიტიურ შედეგს? წადი, სხვა საქმე აკეთე — იქნებ უკეთ გამოგივიდეს.
უბედურება ის არის, რომ ამ ხალხმა ათწლეულები გაატარა ვითომ პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად ისინი ყოველთვის მარიონეტები იყვნენ — სხვის თამაშს თამაშობდნენ და გარე ძალების დირექტივების კარგი შემსრულებლები იყვნენ. სწორედ ეს უნდა გააცნობიერონ.
რეალობასთან მეტი კავშირი რომ ჰქონდეთ და მისგან მოწყვეტილები არ იყვნენ, დაინახავდნენ, რომ სამხრეთ კავკასიაში სრულიად სხვა პროცესები მიმდინარეობს. დღეს საკითხი აღარ არის, ვინ სჯობს — მიშა თუ ვინმე სხვა; საერთოდ, რა დროს მიშაა. საბოლოოდ, მეფესაც და პაიკსაც იმ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში ერთ ყუთში ყრიან და რომელი რომელზე არ უნდა აიწიოს ერთი ნაბიჯით, მათგან პოლიტიკოსი მაინც ვერ გამოვა.
გარდა ამისა, ინტელექტუალურადაც გაღარიბებულები არიან. იდეები საერთოდ აღარ აქვთ და, სავარაუდოდ, არც ექნებათ, რადგან მიჩვეულები იყვნენ კომპრადორული ელიტის როლს. მახსოვს ზოგიერთი მათგანი, რომელიც ნამდვილად აზროვნებდა, მაგრამ შემდეგ პოლიტიკურ პარაზიტიზმს შეეჩვივნენ. მათ პირდაპირ მისდიოდათ დირექტივები და მოთხოვნები, რომლებიც უნდა შეესრულებინათ. დანარჩენი კი მხოლოდ შიდა ომი, დაპირისპირება და კინკლაობა იყო.
ახლა, როდესაც ისინი გარედან ვეღარ იღებენ დირექტივებს, რადგან ვერც ერთი გარე მოთხოვნა ვერ შეასრულეს — ვერც ხელისუფლების გადატრიალება შეძლეს, ვერც რევოლუციის მოწყობა, ვერც საზოგადოების დაპირისპირება და ვერც მხარდამჭერთა ფართო მობილიზება — ამან მათი დისკრედიტაცია გამოიწვია როგორც გარედან, ისე შიგნიდან. გარე ძალების თვალშიც განულდნენ, როგორც შემსრულებლები. ჩემი აზრით, მათი, როგორც პოლიტიკოსების, კარიერა დიდი ხნის დასრულებულია.
ამ ვითარებაში ყველაზე გონივრული ახალი პოლიტიკური ძალების შემოსვლა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე. ან ქართულ პოლიტიკას, ან მმართველ ძალას რაში სჭირდება მუდმივად მართული, საკუთარი იდეებისა და ხედვის არმქონე ოპოზიცია? მე მგონია, რომ სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა ჩვენს თვალწინ“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.


