„თუ ამ ახალგაზრდებმა გააცნობიერეს და მიხვდნენ, რომ ამ პროცესებში ბრმა იარაღად იყვნენ გამოყენებულნი, მაშინ, ბუნებრივია, მომავალში ან საერთოდ აღარ გაეკარებიან პოლიტიკას, ან სიღრმისეულად შეისწავლიან, რეალურად რა ხდება პოლიტიკაში“, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა 2025 წლის 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე დაკავებული ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ აქტივისტების არაერთი თაობა მოტყუებული და, გარკვეული თვალსაზრისით, განადგურებულია. საქმე ის არის, რომ როდესაც ახალგაზრდა ადამიანი ერთვება მსგავს პროცესებში ისე, რომ ჯერ კიდევ არ იცის, რა არის პოლიტიკა, სხვისი ინტერესების იარაღად მარტივად იქცევა. ეს, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათი მოვლენაა. სწორედ ეს მოხდა ამ შემთხვევაშიც.
თუ ამ ახალგაზრდებმა გააცნობიერეს და მიხვდნენ, რომ ამ პროცესებში ბრმა იარაღად იყვნენ გამოყენებულნი, მაშინ, ბუნებრივია, მომავალში ან საერთოდ აღარ გაეკარებიან პოლიტიკას, ან გაცილებით სიღრმისეულად შეისწავლიან, რეალურად რა ხდება პოლიტიკაში.
ცუდი ის არის, რომ აქ მხოლოდ ერთი თაობა არ ყოფილა გამოყენებული იარაღად. ეს უკვე ერთგვარ მემკვიდრეობით მოვლენად იქცა. ხშირ შემთხვევაში მათი დედები მათზე უფრო დიდი ფანატიკოსები არიან. ვხედავთ მათ მშობლებს, ვხედავთ ოჯახებს, საიდანაც ამ ე.წ. ოპოზიციაში ჩართული ახალგაზრდები მოდიან. ეს უკვე მემკვიდრეობითი ფანატიზმია, რომლის დაძლევაც გაცილებით რთულია.
თუმცა ხელისუფლებამ ამ ჰუმანური ნაბიჯით გარკვეული პრეცედენტი შექმნა და ამ ადამიანებს შანსი მისცა, წლები არ გაატარონ ჩაკეტილ სივრცეში, მით უმეტეს, თუ ეს ახალგაზრდები გულწრფელად მოინანიებენ საკუთარ ქმედებებს. მონანიება კი აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში აღარ მისცენ საკუთარ თავს უფლება, კვლავაც სხვისი ბრმა იარაღი გახდნენ.
აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი მათთვის გამოცდილებად და გაკვეთილად უნდა იქცეს და არა გაბოროტების მიზეზად“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.


