მაია ნიკოლეიშვილი: „ძალიან საინტერესო, მოზაიკური და ეკლექტური სურათი ყალიბდება სამხრეთ კავკასიაში. ფაქტობრივად, ამ ტერიტორიაზე ერთდროულად სამი განსხვავებული გეგმა მუშაობს და ყველა ცდილობს საკუთარი ინტერესების გამყარებას. ამ ფონზე, ყველაზე ნაკლები პოლიტიკური წონა სომხეთს აქვს, სატრანზიტო დერეფნებისა და მარშრუტების გათვალისწინებით, საქართველო და აზერბაიჯანია ძირითადი რგოლები“

29

„ძალიან საინტერესო, მოზაიკური და ეკლექტური სურათი ყალიბდება სამხრეთ კავკასიაში. ფაქტობრივად, ამ ტერიტორიაზე ერთდროულად სამი განსხვავებული გეგმა მუშაობს. ყველა ცდილობს საკუთარი ინტერესების გამყარებას და, ამ ფონზე, ყველაზე ნაკლები პოლიტიკური წონა სომხეთს აქვს, რადგან ძირითადი რგოლები, სატრანზიტო დერეფნებისა და მარშრუტების გათვალისწინებით, საქართველო და აზერბაიჯანია“, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან საინტერესო, მოზაიკური და ეკლექტური სურათი ყალიბდება სამხრეთ კავკასიაში. ჩვენც ინერციით სამხრეთ კავკასიას ვუწოდებთ ამ რეგიონს. თუმცა დასავლეთისთვის და, განსაკუთრებით, ამერიკისთვის, ამიერკავკასია უკვე შუა აზიის საწყისად აღიქმება. ანუ ისინი ჩვენს ფუნქციასა და როლს სხვაგვარად უყურებენ.

მაგრამ ნახეთ, რამდენად ეკლექტური გახდა რეგიონში მიმდინარე პროცესები: ევროპელების მხრიდან ფაშინიანისადმი ასეთი თავდავიწყებული და სწრაფი სიმპათია, შემდეგ კი ამერიკის მოულოდნელად გაძლიერებული ინტერესი და მხარდაჭერა. ამავე დროს, გუშინ ვკითხულობდი პრეზიდენტ ალიევსა და პუტინს შორის გამართული საუბრის შესახებ. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ერთმანეთთან აცდენილი და სხვადასხვა ფაზაში მყოფი პროცესებია, თუმცა ვეცდები ავხსნა, რატომ არ არის ასე.

ჩემი აზრით, ყველას საკუთარი გეგმა აქვს. ფაქტობრივად, ამ ტერიტორიაზე ერთდროულად სამი განსხვავებული გეგმა მუშაობს. ყველა ცდილობს თავისი ინტერესების სფერო გაიმყაროს და, როგორც ჩანს, ამ ძალებმა ერთმანეთთან თანაარსებობის გარკვეული ფორმულაც იპოვეს. თუმცა ამ ვითარებაში ყველაზე ნაკლები პოლიტიკური წონა სომხეთს აქვს, რადგან აზერბაიჯანი და საქართველო უმთავრესი რგოლები არიან იმ დერეფნებისა და სატრანზიტო მარშრუტების გათვალისწინებით, რომლებზეც დღეს საუბარია.

საქმე მხოლოდ ჩინურ შუა დერეფანს არ ეხება. საუბარია ასევე შუა აზიის მიმართულებით სხვა მნიშვნელოვან გზებზეც, რაც მთლიანად ცვლის რეგიონულ სურათს. სწორედ ამიტომ არის ასეთი გამწვავებული კონკურენცია ამ სივრცისა და ამ ტერიტორიის მიმართ.

რა თქმა უნდა, ამავდროულად საფრთხეებიც არსებობს, თუმცა სომხეთის შეცდომა ჩვენთვის ისეთი მტკივნეული არ იქნება. მთავარია, საქართველომ და აზერბაიჯანმა არ დაუშვან შეცდომა. ამავდროულად, ეს საფრთხეები შეიძლება ძალიან დიდი შესაძლებლობების ფანჯარადაც იქცეს.

უფრო მგონია, რომ საბოლოოდ აქ დაბალანსებული ინტერესები ჩამოყალიბდება და ასეთ შემთხვევაში საუკეთესო პერსპექტივა სწორედ საქართველოსა და აზერბაიჯანს ექნებათ. სომხეთი კი თავად გადაწყვეტს, რომელ გზას აირჩევს — იქნება ეს ე.წ. ტრამპის გზა, ალტერნატიული სახმელეთო დერეფანი თუ სხვა მიმართულება. მთავარი ის არის, რომ საქართველომ არსებული შესაძლებლობები სწორად გამოიყენოს“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.