„რადიკალურ ოპოზიციას ხელიდან გამოეცალა ყველა „არგუმენტი“, რადგან ვინც მონაწილეობდა რეალურად ამ პროცესში აღიარებს, რომ ეს იყო დაგეგმილი, ორკესტრირებული, ანტისახელმწიფოებრივი აქტი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა 2025 წლის 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე დაკავებული ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციას დღეს უკვე შეეტყო, რომ არ არიან განვითარებული მოვლენებით კმაყოფილი, იმიტომ რომ ასეთი მკაფიო აღიარება და მოძალადეთა მხრიდან ფაქტობრივად ხელმოწერა იმაზე, რომ ეს იყო პირდაპირ დაგეგმილი, ორკესტრირებული, ანტისახელმწიფოებრივი აქტი, აქამდე არ გვინახავს, იურიდიულ კონტექსტში თუ ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, ამის გამო რადიკალები არიან გაღიზიანებულები და ვხედავთ, რომ მათ განცხადებებში საყვედურნარევი ნარატივიც გამოერია.
რაც შეეხება იმ ადამიანებისთვის საპროცესო გარიგების გაფორმებას, ვინც აღიარა დანაშაული, მოინანია, ეს მართლაც არის ჰუმანური აქტი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული, რომ თუ იქნებოდა აღიარება, იქნებოდა სინანული, თუკი არ გახდებოდა სადავო მტკიცებულებები, რომლებიც გამოძიების ფარგლებში იყო და რაც არ იყო სადავო — იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ეთერში იხილა საზოგადოებამ — გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან და ეს ნაბიჯი გადაიდგა.
თუმცა, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 4 ოქტომბრის მოვლენები და განსაკუთრებით ის ნაწილი, თუ როგორ ხდებოდა რეზონირება, გამოხმაურება ამ ძალადობრივ ქმედებებზე ევრობიუროკრატიის მხრიდან, მათ შორის კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან. მათ არათუ დაგმეს მაშინ ძალადობრივი ქმედებები, არამედ 4 ოქტომბრის დაანონსებულ, ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ აქციამდე წამახალისებელი განცხადებებიც გაკეთდა ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის მხრიდან. ამასთანავე, ჩვენ გვახსოვს მარტა კოსის განცხადება, კაია კალასის განცხადება, გვახსოვს მაია სანდუს გამამხნევებელი, იმ საღამოსვე დაწერილი პოსტი და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო წინასწარ გაწერილი სცენარი იმისა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, სახელმწიფო გადატრიალება და როგორ უნდა მოეყვანათ შემდგომ ევრობიუროკრატებსა და მათ უკან მდგომ ე.წ. ჩრდილოვან ძალებს, ოლიგარქიულ ჯგუფებს, მარიონეტული მთავრობა, რომელიც იქნებოდა პირდაპირ, უაპელაციოდ შესაბამისი დავალებების შემსრულებელი.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იყო და მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ სამართალდამცავი ორგანოები, ეს მორიგი მცდელობა რევოლუციისა დასრულდა ისევ და ისევ კრახით და შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა, გადავარჩინეთ ის უდიდესი მონაპოვარი, რასაც ჰქვია ჩვენი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატიული განვითარების გზა და ინტერესი.
დღეს უკვე ამ აღიარებებით, რასაკვირველია, ძალიან მკაფიოდ დასტურდება, რომ ევრობიუროკრატია და ის ევრობიუროკრატები, რომლებიც ამის წახალისებას და მხარდაჭერას ახდენდნენ, რეალურად მოქმედებდნენ საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აი, ეს არის მარტივი დასკვნა და ანალიზი.
რადიკალურ ოპოზიციას ხელიდან გამოეცალა ყველა „არგუმენტი“, რადგან ვინც მონაწილეობდა რეალურად ამ პროცესში, მათი ძალიან დიდი ნაწილი — მგონი 15-მდე გაიზარდა ამ ადამიანების რიცხვი — აღიარებს, რომ დიახ, მათ ეს ჩაიდინეს და ეს იყო პირდაპირ დაგეგმილი, ორკესტრირებული, ანტისახელმწიფოებრივი აქტი.
თუმცა ეს ასე არ უნდა იქნეს გაგებული საზოგადოების მიერ, რომ ეს არის პატიება — ეს პატიება არ არის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ როცა საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, შეიძლება მოხდეს უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა იმისა, რაც იყო გათვალისწინებული.
ხელისუფლების თვითმიზანი მაინცდამაინც ის არ არის, რომ კონკრეტული პირი, კონკრეტული ჯგუფი იყოს პატიმრობაში, აქ მთავარია, ჩვენ ვიხილოთ და დავინახოთ გულწრფელი სინანული და აღიარება და ამასთანავე ყველა წინაპირობა შევქმნათ, რათა მომავალში მოხდეს მსგავსი ქმედებების, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების პრევენცია“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.


