„ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული მონაპოვარია, მაგრამ როდესაც მეორე მხარეს სასწორზე დევს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ჩვენი შვილების მომავალი, მგონი, გასაგებია, სასწორის პინა საით იხრება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკის განცხადების შეფასებიბსას ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების განხილვას იწყებს.
„მე მგონი, ამ თემით ყველა რაღაც მხრივ დაიღალა, ეს თემა გაცვდა და ამ თემასთან მიმართებით ქართველმა ხალხმა თავისი ძალიან მკაფიო დამოკიდებულება აჩვენა. ანუ ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენებამ არ გაამართლა, არ იმუშავა ქართულ საზოგადოებაზე. იყო რაღაც შავი, ბნელი სცენარი და ჩანაფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ ამას ქართველი ხალხი წამოეგებოდა და ეს გახდებოდა მორიგი მძლავრი საპროტესტო ტალღის საფუძველი, მაგრამ რამდენჯერაც ეს თემა დააყენეს — და მე გავიხსენებ, ერთ-ერთი ბოლო იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როცა ეს საკითხი აქტუალური გახადეს, კონტექსტიდან ამოგლეჯილად — მაშინაც არაფერი გამოუვიდათ.
ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხელისუფლება მშვიდად ხვდება და აქ უმარტივესია ყველაფერი, ანუ ხელისგულზე დევს ყველაფერი. როდესაც საკითხი ეხება ვიზალიბერალიზაციას, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სერიოზული მონაპოვარი, მაგრამ მეორე მხარეს, სასწორის პინაზე, მათ მიერ, ვინც ამ თემით სპეკულირებას და შანტაჟს ცდილობს, დაყენებულია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ჩვენი ხვალინდელი დღე, უსაფრთხოება, ჩვენი შვილების მომავალი და ასე შემდეგ. მე მგონი, გასაგებია, სასწორის პინა საით იხრება და რა არჩევანია გასაკეთებელი ჩვენი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.
მე არ ვიცი, ეს ჟურნალისტი რაზე დაყრდნობით საუბრობს და მოჰყვება თუ არა ამას კონკრეტული ქმედებები, მაგრამ ეს გამოცდა, ერთგვარი ტესტი, ჩვენს საზოგადოებას უკვე ჩაბარებული აქვს დიდი ხანია და მართლაც ჩალის ფასი აქვს უკვე ამ თემის შემოტრიალებას დღის წესრიგში“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.


