თორნიკე ჭეიშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: „რადიკალურ ძალებს სურს, ლანძღვა-გინება, ბულინგი, შეურაცხყოფა, გაშავების კამპანიები, პირდაპირი თავდასხმები და დეჰუმანიზაცია გამოხატვის თავისუფლებად გაასაღოს და საზოგადოებრივი ურთიერთობების ნორმად აქციოს, მაგრამ სახელმწიფო ამას არ დაუშვებს, რადგან ეს ყველაფერი აბსოლუტურად უცხოა ჩვენი კულტურისთვის, ტრადიციებისა და ღირებულებებისთვის“

29

„რადიკალურ ძალებს სურს, ლანძღვა-გინება, ბულინგი, შეურაცხყოფა, გაშავების კამპანიები, პირდაპირი თავდასხმები და დეჰუმანიზაცია გამოხატვის თავისუფლებად გაასაღოს და საზოგადოებრივი ურთიერთობების ნორმად აქციოს, მაგრამ სახელმწიფო ამას არ დაუშვებს, რადგან ეს ყველაფერი აბსოლუტურად უცხოა ჩვენი კულტურისთვის, ტრადიციებისა და ღირებულებებისთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთ-ერთ ძირითად უფლებას, რა არის ამ უფლების მიზანი და ვინ არის მისი ადრესატი? ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს არის თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი ინდივიდი, რომელსაც უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, გარანტირებული უფლება იმისა, რომ თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი და შევიდეს ჯანსაღ დისკუსიაში. შეიძლება ეს აზრი ვიღაცისთვის იყოს მოსაწონი, ვიღაცისთვის იყოს მიუღებელი, შეიძლება ამ აზრით რაღაცას გმობდეს, აკრიტიკებდეს და უპირისპირდებოდეს, მაგრამ ამის მიღმა დემოკრატიული ჯანსაღი პროცესი ნამდვილად უნდა იყოს დაცული.

არსებობს მისი აბსოლუტურად საპირისპირო მხარე, რომელიც ვიღაცას სურდა და სურს, მონათლოს როგორც გამოხატვის თავისუფლება და ეს ლანძღვა-გინება, ბულინგი, შეურაცხყოფა, გაშავების კამპანიები, პირდაპირი თავდასხმა, დეჰუმანიზაცია გაეხადა წესად, დადგენილ სტანდარტად ჩვენს საზოგადოებაში ურთიერთობების წარმართვისთვის, რაც არის აბსოლუტურად ამოვარდნილი ყველანაირი კონტექსტიდან — არ ზის არც ჩვენს კულტურაში, არც ჩვენს ტრადიციაში და ასე შემდეგ.

მთავარი აქ არის ის, რომ ეს ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც უკვე ფაქტობრივად ამოქმედდა, სინქრონში იმუშავებს სასამართლო კონტროლის გავლით. შესაბამისად, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც იქნება იდენტიფიცირებული და რომელიც თავის მხრივ შეიძლება შეიცავდეს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ლანძღვა-გინებას და ასე შემდეგ, ჩამოყალიბდება სასამართლო პრაქტიკა და ნებისმიერი ასეთი იდენტიფიცირებული შემთხვევა დაექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სასამართლო კი გადაწყვეტს, ეს რამდენად ჯდება ან არ ჯდება შესაბამის უფლებაში და თუ არ ჯდება, რა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება იყოს გამოყენებული.

ამიტომ ის გარკვეული კაკაფონია, რაც ამ თემაზე რადიკალურმა ჯგუფებმა დაიწყეს, გასაგებია, რითაც არის განპირობებული. ეს იყო მათი ინსტრუმენტი, რათა გაეღვივებინათ საზოგადოებაში პოლარიზაცია სიძულვილის ენის ტირაჟირებით და ახლა ხედავენ, რომ ამ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ისინი კარგავენ.

გარკვეული სახის იაფფასიანი პროვოკაციები შესაძლოა საწყის ეტაპზე იყოს, მაგრამ ეს ვერ დაბრკოლებს იმ მიზნის მიღწევას და შესრულებას, რასაც ჰქვია ამ სტანდარტის დამკვიდრება — უფრო სწორად, დაბრუნება ჩვენს სინამდვილეში“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.