„ფაქტია, რომ ჯერჯერობით მსოფლიო ამ ომის შეჩერებას ვერ ახერხებს, თუმცა იმ გზავნილების მიხედვით, რომლებიც ახლა ისმის, დიდი ალბათობით, დაიწყება მოლაპარაკებების პროცესი. მეორე საკითხია, რამდენად დათანხმდება ამას რუსეთი, რადგან მას საკუთარი ამოცანები აქვს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტას“, – ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„განცხადებები კეთდება, თითქოს ზელენსკიმ თქვა, რომ წლის ბოლომდე დასრულდება ომი, იქ სხვებიც საუბრობენ, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად არის ამის სურვილი ზოგადად — არა მხოლოდ დაპირისპირებულ ქვეყნებში, არამედ ზოგადად მსოფლიოში. ვინც წესით უნდა იყოს ჩართული ამ ომის შეწყვეტაში, ეს იქნება ევროპა, ამერიკა და სხვა დიდი მოთამაშეები, თუნდაც ჩინეთი, ინდოეთი, იმიტომ რომ ყველას აზიანებს ეს ომი როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.
ისიც გავიხსენოთ, რამდენად იმოქმედა ამან ეკონომიკაზე — ამ ომმა კატასტროფული ზეგავლენა მოახდინა, ფაქტობრივად პანდემიაზე დიდი გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკაზე მთლიანად, რაც აისახა მთელი მსოფლიოს მოსახლეობაზე, ევროპაზეც, მათ შორის ჩვენზეც.
ფაქტია, რომ ჯერჯერობით მსოფლიო ამ ომს ვერ აჩერებს, თუმცა იმ გზავნილების მიხედვით, რაც ახლა კეთდება, დიდი ალბათობით დაიწყება თითქოს მოლაპარაკებების პროცესი. მეორე საკითხია, რამდენად დათანხმდება ამაზე რუსეთი, რადგან მას თავისი ამოცანები აქვს – შეუსრულებელი ამოცანები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტას — ეს არის ტერიტორიების საკითხი, დემილიტარიზაცია და ასე შემდეგ.
რამდენიმე ეტაპად შეიძლება ეს ომი დავყოთ: თავდაპირველად — როცა უკრაინა დამოუკიდებლად იბრძოდა მხოლოდ საკუთარი რესურსებით; შემდეგ — როცა ფაქტობრივად ამოწურა საკუთარი რესურსები და დაიწყო დასავლეთის დახმარების პაკეტები, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა და ასე შემდეგ. დეტალებში არ შევალ, თუმცა შემდგომი პერიოდიც შეიძლება ფაზებად დავყოთ, ამიტომ განვიხილოთ ბოლო პერიოდი — რატომ არ მოიტანს კარგ შედეგს ამ ომში დიდი მასების შეყვანა.
უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეცვალა ომის ხასიათი, ხოლო სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებამაც აჩვენა დრონების უპირატესობა. უკრაინაში კი ეს უკვე სხვა დონეზე ავიდა და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დახვეწილი. რუსეთი თავიდან ჩამორჩებოდა ამ მხრივ, მაგრამ შემდეგ დაეწია უკრაინას; უკრაინასაც ჰქონდა გარკვეული ჩამორჩენა დრონების მიმართულებით, თუმცა ახლა ეს ბალანსი მეტ-ნაკლებად გათანაბრებულია.
სხვა ხასიათის ომია, მოკლედ. ამ ეტაპზე დრონების გამო შექმნილია ჩიხი და საუბარია გამოფიტვაზე — ფაქტობრივად, დრონებმა ჩამოაყალიბა ეს გამოფიტვის ომი და ახლა ის საკითხია, რომელი მხარე გამოიფიტება პირველი, რაც ზუსტად არავინ იცის.
ჩემი აზრით, ეს გამოფიტვა რუსეთს ჯერ კიდევ წინ აქვს, უკრაინაში კი ეს პროცესი უკვე დაწყებულია — შარშან და შარშანწინაც, მაგრამ განსაკუთრებით შარშან მასობრივად. თუმცა დაახლოებით ორი წლის შემდეგ შესაძლოა ეს ეტაპი რუსეთსაც დაუდგეს, თუ რა თქმა უნდა ომი კიდევ ორი წელი გაგრძელდება, და ამაზე, როგორც ვიცით, საუბარი უკვე არის“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.


