„ჯერჯერობით ამ ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, კოტე ჟღენტმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
„თუ საქმე სერიოზულ მოლაპარაკებებამდე მივა, მაშინ სხვა მოცემულობა იქნება. ჯერჯერობით ყველაფერი განცხადებების დონეზეა და არ ვიცით, რა პროცესები მიმდინარეობს კულისებს მიღმა. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობდეს, თუმცა როდესაც საკითხები მომწიფდება, პროცესში უნდა ჩაერთოს ვინმე სერიოზული შუამავალი, შესაძლოა ერთიც ან ორიც, და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.
მთავარი მაინც ის არის, რა ვითარება იქნება ფრონტის ხაზზე. რუსეთი ნელ-ნელა მიიწევს წინ, თუმცა მოასწრებს თუ არა ზამთრამდე მთელი დონბასის აღებას, ამის თქმა დღეს არავის შეუძლია. ამავე დროს, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთს უკვე აქვს დაკავებული და რომლებიც საკუთარ კონსტიტუციაშიც შეიტანა, მოსკოვს არასდროს უთქვამს და, სავარაუდოდ, არც იტყვის უარს.
ამასთანავე, ზელენსკისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ თითქმის რეალური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება ის, რომ გადაკვეთოს „წითელი ხაზები“ და რაიმე სახის გარიგებაზე მოაწეროს ხელი, რამაც შესაძლოა ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე ვითარება, კიდევ უფრო გაამწვავოს.
პარალელურად ჩვენ გვესმის მუქარები რუსეთის მხრიდან, შესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჯერჯერობით ამ ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.


