არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა ნეიტრალიტეტის” დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
„კავკასიური ცარცის წრე
ბოლო პერიოდში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში როგორც კი გარკვეული პერსპექტივები გამოიკვეთა, მაშინვე ამუშავდა საქართველოში ჩაბუდებული, უცხო ქვეყნების მიერ მართული, რადიკალური ოპოზიცია და მათი ლობისტი მამა-მარჩენალი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.
ისინი თურმე „შეაშფოთა“ და “აღაშფოთა”, იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ერთის მხრივ ჩინეთის და რუსეთის რეზიდენტურა მუშაობს, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი ხელისუფლება ირანს რევერანსებით ესაუბრება.
ტრივიალური ჭეშმარიტებაა, ის რომ გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოთი დაინტერესებული უკლებლივ ყველა ქვეყანა შეძლებისდაგვარად ცდილობს აქ საკუთარი რეზიდენტების ქსელი შექმნას.ამაში გასაოცარი თითქოსდა არაფერია,
მაგრამ საინტერესო და მრავლის მთქმელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ხელისუფლების აშშ-სთან ურთიერთობების „დალაგების“ პირველივე ნიშნებმა, უკიდურესად შეაშფოთა ე.წ პროდასავლელები, დემოკრატების ქურქში გახვეული ჩვენი ნეო “ლიბერალ-პატრიოტები“.
უკვე მერამდენედ გაიშიფრა და გამოჩნდა, რომ რაც სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, ის საზიანო და სახიფათოა ამ „ლიბერალ-პატრიოტების“ პოლიტიკური მიზნებისთვის.
სიმბოლურია ისიც, რომ დროში დაემთხვა საქართველოს ოპოზიციისა და რუსეთის საგარეო სამინისტროს შეშფოთება, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე ასვლის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნაცვლად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა, საუბარია ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, მარია ზახაროვამ სწორედ ასეთ დროს განაცხადა:
“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის მხრიდან დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის ახლობლებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას, რომლებიც საქართველოში და რუსეთში ცხოვრობენ – მათ შეიძლება დაკარგონ ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს შეურთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ ემბარგოს და დაკარგოს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმი რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია.“
ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი ზახაროვა ასე გამოეხმაურა გულბაათ რცხილაძის თბილისში დაპატიმრებას: “ის ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საჯაროდ და გულწრფელად, დამალვის გარეშე მხარს უჭერს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოებების დაძლევას, მხარს უჭერს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას… ის ყველა კონტაქტს ღიად, ოფიციალურად ახორციელებდა, მაგრამ ის დააკავეს რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტი დააანონსა… რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისი ბედი არ გვაღელვებდეს”.
ანუ, საქართველო “კავკასიური ცარცის წრის” ბავშვის როლში აღმოჩნდა, რომელსაც აქეთ-იქით ექაჩებიან დასავლეთი და რუსეთი მისი მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო.
ასეთ სიტუაციაში დღეს მართებულად გამოიყურება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მკვეთრად არ უპირისპირდება რუსეთს და ამავე დროს დასავლეთისგან მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის პატივისცემას, რამაც ასახვა უნდა ჰპოვოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელ შეთანხმებებში და არა საქართველოს ოროსანი მოწაფის პოზიციით წარმოჩენაში, რომელიც თურმე დასავლეთის ქვეყნებისგან გაკიცხვასა და სასჯელს იმსახურებს.
დღეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არის დაბალანსებული და მისაღები. არავინ იცის, რა იქნება ხვალ.
სომხეთში 7 ივნისს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების, აშშ-ისრაელი ირანთან ომის და უკრაინის კრიზისის დასრულების შედეგები ბევრწილად განსაზღვრავენ იმას, იქნება თუ არა შესაძლებელი საქართველოსთვის შედარებითი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება თუ საჭირო გახდება პოლიტიკური პოზიციის მკვეთრად დაფიქსირება ერთი ან მეორე ძალის სასარგებლოდ.
მიუხედავად იმისა, ჩვენ რა სურვილები გვაქვს და გვექნება, უახლოეს მომავალში შექმნილი პოლიტიკური ვითარება გვიჩვენებს, რომელ მხარეს გადახრის შემთხვევაში დაემუქრება საქართველოს უფრო მეტი საფრთხე და როგორი პოლიტიკით შეინარჩუნებს ის სტაბილურად განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას.
ასეთ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღება ბეწვის ხიდზე გავლას დაემსგავსება, ვინაიდან არასწორად გადადგმული მკვეთრი ნაბიჯის შედეგი, შეიძლება სწორედ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის არაფორმალური ან ფორმალური დაკარგვა იყოს“,-წერს კაკაბაძე.


