“ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ჩვენ ევროპაში გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები, რომლებსაც პირდაპირ სურთ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, პირველ რიგში, ბრიუსელმა. ეს მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მორიგ რეზოლუციას, რომლის განხილვასაც ევროსაბჭო გეგმავს და რომლის ერთ-ერთი ავტორი რასა იუკნევიჩიენეა.
„როდესაც ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს მტრულ ნაბიჯებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც, თავის მხრივ, აქვს აღებული ბრიუსელს ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამიტომ, მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემულობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეწყდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


