“საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას.
„საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამაზე ვამბობდით, რომ არ ვაპირებთ, ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ.
მეორე მოთხოვნა იყო, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და ევროკავშირს სურს, რომ კვლავ ფარულად ხდებოდეს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის დაფინანსება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ბრიუსელის მხრიდან.
ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები. სამწუხაროა, რომ ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წაყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი. როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


