„ჩვენ ვნახეთ, სადამდე მიდის მდგომარეობა, როდესაც მიგრაციის პროცესი არის მიშვებული, და ეს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მაგალითზე, თუ რა გამოწვევებისა და რისკების წინაშე დადგა ევროკავშირი, იმიტომ, რომ ბრიუსელი თავქარიანად მოექცა მიგრაციის პროცესების მართვის მნიშვნელობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შსს-ს მიერ მომზადებული მორიგი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესახებ, რომელიც მიგრაციის პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
„ახლა ცდილობენ ამის გამოსწორებას, საუბარია გამკაცრებაზე და, რა თქმა უნდა, ამის ფონზე, როდესაც ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ, მოსალოდნელია, რომ შესაძლოა, გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, არსებული გამოწვევები აღმოვფხვრათ და, მეორე მხრივ, მომზადებული შევხვდეთ საკანონმდებლო ჩარჩოს კუთხით შესაძლო სხვადასხვა მიგრაციულ პროცესს. ამიტომ, ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


