ილია ინჯია 4 ოქტომბრის საქმეზე: „სახეზე იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის დროსაც უამრავი ახალგაზრდა აღმოჩნდა გაუგებრობაში, ჩაიდინა დანაშაული და, რა თქმა უნდა, სახელმწიფომაც იმოქმედა კანონის შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება ამ ადამიანების მხრიდან დანაშაულის აღიარებას და მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ეს ნამდვილად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია“

18

„სახეზე იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის დროსაც უამრავი ახალგაზრდა გაუგებრობაში აღმოჩნდა, ჩაიდინა დანაშაული და, რა თქმა უნდა, სახელმწიფომაც იმოქმედა კანონის შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება ამ ადამიანების მხრიდან დანაშაულის აღიარებას და მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ეს ნამდვილად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ 2025 წლის 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე დაკავებული ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„მოდით, ორიოდე სიტყვით გავიხსენოთ ის ნარატივი, ის ემოციები და ზოგადად ის პროცესები, რომლებიც ამ ყველაფერს უძღოდა წინ. როგორ არწმუნებდნენ ამ ადამიანებს, რომ უნდა მოეხდინათ მშვიდობიანი გადატრიალება, შეეტანათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და, საბოლოოდ, როგორ შეატოვეს ისინი კანონს პირისპირ.

დარწმუნებული ვარ, ქართველები ემოციური ხალხი ვართ, ხოლო ახალგაზრდებში ემოციები კიდევ უფრო მძაფრია. შესაძლოა, იმ ღამით ყველამ ვერ შეძლო საკუთარი ქმედებების სათანადოდ გაანალიზება და კანონი დაირღვა. სახეზე იყო სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა, რომლის დროსაც უამრავი ახალგაზრდა გაუგებრობაში აღმოჩნდა, ჩაიდინა დანაშაული და, რა თქმა უნდა, სახელმწიფომაც კანონის შესაბამისად დააკავა ისინი.

ამ პერიოდის განმავლობაში ამ ახალგაზრდებს კვლავ და კვლავ არწმუნებდნენ, რომ ეს მათი მხრიდან თავისუფალი აზრის გამოხატვა იყო, რომ ისინი სწორ გზაზე იდგნენ და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც თავს ესხმი სახელმწიფო შენობებს, ცდილობ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას და ძალადობ სამართალდამცველებზე, ეს არანაირად არ ჯდება მშვიდობიანი პროტესტის ჩარჩოებში.

რაც შეეხება ამ ადამიანების მხრიდან დანაშაულის აღიარებას და მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ეს ნამდვილად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია.

რაც შეეხება ბრიუსელის შეფასებას, ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ ადამიანების მხრიდან დანაშაულის აღიარების შემდეგაც კი ბრიუსელი დაგმობს 4 ოქტომბერს მომხდარ ქმედებებს, რადგან ამ შემთხვევაში მათ იმის განმარტებაც მოუწევთ, თუ რატომ არ დაგმეს ეს ყველაფერი თავის დროზე.

ჩვენი საზოგადოებისთვის ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხუჭავს თვალს დასავლეთი, კერძოდ კი ბრიუსელის დღევანდელი მმართველობა, იმ უსამართლო ფაქტებზე, რომლებიც მათ დღეს ხელს აძლევს. მსგავსი მაგალითები ბოლო წლების განმავლობაში არაერთი გვქონია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, მივყვეთ ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს, არგუმენტირებულად დავაყენოთ საკითხები და ჩვენს მოსახლეობასთან ყოველთვის მართლები ვიყოთ“, – განაცხადა ილია ინჯიამ.