„ნებისმიერი რეზოლუცია უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტირებულ შეფასებას და უნდა იკვეთებოდეს საქართველოს მხრიდან რაიმე კონკრეტული დარღვევა ან ფაქტი, რომელიც გახდებოდა ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფუძველი. ასეთი საფუძველი საქართველოს მხრიდან არ არსებობს“ – ილია ინჯია

20

„ნებისმიერი რეზოლუცია უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტირებულ შეფასებას და უნდა იკვეთებოდეს საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მიმართებით რაიმე კონკრეტული დარღვევა ან ფაქტი, რომელიც გახდებოდა ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფუძველი. ასეთი საფუძველი საქართველოს მხრიდან არ არსებობს“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„ახლა საუბარია იმაზე, რომ კიდევ ერთ რეზოლუციას მიიღებენ, თუმცა უკვე არაერთი რეზოლუციაა მიღებული, სადაც განსაზღვრულია, თუ რას ითხოვენ ამის ნაცვლად.
ჩვენგან მოითხოვენ, რომ დავთმოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი, არ უნდა გვაინტერესებდეს, ვინ ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, რა მიზნით და რა რესურსს ხარჯავს, რამდენი „აგენტი“ მოქმედებს და რამდენი ადამიანი მუშაობს ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებაზე. ამის სანაცვლოდ კი გვეუბნებიან, რომ მიიღებენ რეზოლუციას, სადაც ჩაიწერება, თითქოს ჩვენ დემოკრატიული გზიდან გადავუხვიეთ. ეს არც პირველი ასეთი რეზოლუციაა და შესაძლოა არც უკანასკნელი იყოს.

რაც შეეხება 11 ივნისს ჩანიშნულ შეხვედრას, რომელშიც ქართული მხარეც მიიღებს მონაწილეობას, დაკომპლექტდება ჯგუფი, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ ფორმატში ასევე განიხილება ვიზალიბერალიზაციის გადახედვის ან მისი შეჩერების მექანიზმები. თუმცა ნებისმიერი რეზოლუცია უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტირებულ შეფასებას და უნდა იკვეთებოდეს საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან, ბრიუსელთან მიმართებით რაიმე კონკრეტული დარღვევა ან ფაქტი, რომელიც გახდებოდა ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფუძველი.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის მცირერიცხოვანი ქვეყანა და არ არსებობს ისეთი მასშტაბის დარღვევები ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, რაც მის შეჩერებას რეალურ საფუძველს მისცემდა ან ჩვენი ქმედებებით რაიმე არსებითად შეცვლიდა არსებულ რეჟიმს.

ამ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, საუბარი იქნება იმ შესაძლო გადაცდომებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების არგუმენტად ჩვენი ქვეყნის მიმართ. თუმცა ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პროცესი. ასევე ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტებიც, რაც ამ საკითხის მიმართ საზოგადოებაში დამატებით კითხვებს აჩენს“, – განაცხადა ილია ინჯიამ.