ილია ინჯია „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე: „სწორედ ასეთი შეფასებები და ასეთი კვლევები გვაძლევს იმის რწმენას, რომ მხოლოდ ევრობიუროკრატები კი არ არსებობენ, არამედ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორად აფასებენ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ რეალობას“

25

„სწორედ ასეთი შეფასებები და ასეთი კვლევები გვაძლევს იმის რწმენას, რომ მხოლოდ ევრობიუროკრატები კი არ არსებობენ, არამედ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორად აფასებენ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ რეალობას“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„საერთოდ, ადამიანი იმედით ცხოვრობს და ეს იმედი არასდროს უნდა დავკარგოთ. სწორედ ასეთი შეფასებები და ასეთი კვლევები გვაძლევს იმის რწმენას, რომ მხოლოდ ევრობიუროკრატები კი არ არსებობენ, არამედ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორად აფასებენ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ რეალობას და ასევე ცდილობენ მომავალის სწორად პროგნოზირებას.

სხვათა შორის, ეს თვითონ მათ შიგნით არსებულ განსხვავებულ პოზიციებსა და დაპირისპირებაზეც მიუთითებს — როდესაც ერთი ინსტიტუტი ასეთ კვლევებს აქვეყნებს, ხოლო მეორე ამავე დროს აცხადებს, რომ თითქოს ჩვენ დემოკრატიული გზიდან გადავუხვიეთ, და გვემუქრება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით, სანქციებით და სხვა ზომებით. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მათ საკუთარ სისტემებშიც ყველაფერი ისე დალაგებული არ არის, რომ ჩვენთვის ჭკუის სწავლება დამაჯერებელი იყოს.

ამ კვლევების გარდა, ჩვენს ქვეყანაში არსებობს საზოგადოება, რომელიც ამ პროცესებს ხედავს და შეუძლია მათი შეფასება და ანალიზი. როდესაც ასეთი შეფასებების შემდეგ ევრობიუროკრატია ცილისწამებას მიმართავს და შანტაჟის ენით გვესაუბრება, ეს ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორად ვმოქმედებთ.

ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა — იქნება ეს გამჭვირვალობის კანონის მიღება, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი თუ სხვა ინიციატივები — უკვე იწვევს ინტერესს და გარკვეულწილად სხვა ქვეყნებიც იმეორებენ. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ევროპაც დროთა განმავლობაში დაინახავს და დააფასებს იმ გზას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა.

ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ჩვენი გზა, რადგან საბოლოოდ დადგება დრო, როდესაც სამართალი იზეიმებს — არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მათთანაც და ევროპაც გამოვა იმ კრიზისიდან, რომელშიც, არსებული რეალობიდან გამომდინარე, იმყოფება. იმედი მაქვს, ეს პროცესი მალე დაიწყება“, – განაცხადა ილია ინჯიამ.