“ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა, მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა, სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრებისა და პირადი ინტერესების შეჯახება. ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის მოახლოებული შიდა პოლიტიკური ბრძოლა, პრაქტიკულად, გამორიცხავს სცენარს, რომლის მიხედვითაც ის ამომრჩევლის წინაშე წარდგება როგორც ლიდერი, რომელმაც ვერ მიაღწია სტრატეგიულ შედეგს ირანთან და მის რეგიონულ მოკავშირეებთან დაპირისპირებაში. სწორედ ამიტომ, ზეწოლის გაგრძელებისა და ძალის დემონსტრირების ლოგიკა ნეთანიაჰუსთვის აღარ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი – ეს უკვე მისი პოლიტიკური გადარჩენის საკითხია”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
“მეორე პრობლემა ის არის, რომ ტრამპის პოლიტიკური ინტერესები დღეს სრულიად საპირისპირო მიმართულებით იკვეთება. ამერიკის პრეზიდენტი ხელისუფლებაში მოვიდა კონფლიქტების დასრულებისა და საერთაშორისო სტაბილურობის აღდგენის დაპირებებით, თუმცა თავისი ვადის შუა ეტაპზე საკმაოდ არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდა: უკრაინის კრიზისი კვლავ მოუგვარებელია, ირანის საკითხი შორს არის დასრულებისგან, ჰორმუზის სრუტის ირგვლივ ვითარება კვლავაც ქმნის რისკებს მსოფლიო ეკონომიკისთვის, ხოლო ახლო აღმოსავლეთი ისევ ესკალაციის ნიშნებს ავლენს. ასეთ პირობებში, ყოველი ახალი დაძაბულობა თეთრი სახლის პოზიციებს კი არ აძლიერებს, არამედ ამერიკელ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ხმამაღალი წინასაარჩევნო დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსრულებელია.
სწორედ ამიტომ, ლიბანში მორიგი ესკალაცია და ბეირუთზე დარტყმების განახლება ვაშინგტონში შესაძლოა საკმაოდ არასასიამოვნო პოლიტიკურ სიგნალად აღიქმებოდეს. სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი ტრამპის 80 წლის იუბილეს წინ ხდება, რომელსაც ის 14 ივნისს აღნიშნავს. თუ ცოტა ხნის წინ აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობდა, საკუთარი თავი რეგიონული სტაბილურობის მთავარი არქიტექტორის როლში წარმოეჩინა, დღეს უფრო და უფრო იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნეთანიაჰუ მოქმედებს, პირველ რიგში, საკუთარი შიდა პოლიტიკური საჭიროებებიდან გამომდინარე, მაშინაც კი, თუ ეს დამატებით პრობლემებს უქმნის მის ამერიკელ მოკავშირეს.
შედეგად, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება განცდა, რომ ისრაელი ვაშინგტონს კრიზისის ესკალაციის დინამიკაში ითრევს, მაშინ, როდესაც თავად თეთრი სახლი ამ დინამიკის შეკავებას ცდილობს. ამასთანავე, ამერიკა-ისრაელის სტრატეგიულ ალიანსში განხეთქილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. საქმე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების კრიზისს კი არა, ორი ლიდერის პრიორიტეტებს შორის მზარდ წინააღმდეგობას ეხება. თუმცა, თუ მიმდინარე ტენდენცია გაგრძელდა, შემოდგომაზე მსოფლიო შეიძლება საკმაოდ იშვიათი სიტუაციის მოწმე გახდეს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მთავარი მოკავშირე ამერიკული ადმინისტრაციისთვის საგარეოპოლიტიკური აქტივის ნაცვლად, იმ ფაქტორად გადაიქცევა, რომელიც თეთრი სახლის პოზიციებს ყველაზე მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური გამოცდების წინ დამატებით გაართულებს”, – წერს დავით ქართველიშვილი.


