პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “რუსთავი – 2-ის” გადაცემა “დებატებში” ევროკავშირთან დიალოგის შეჩერების მიზეზებზე ისაუბრა.
“მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან შეაჩერა ყველანაირი მოლაპარაკება, მათ შორის, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი. ეს მოხდა 2024 წლის ივნისში. ამის მიზეზი იყო გამჭვირვალობის ის უწყინარი კანონი, რომელიც დღეს ყველას მიავიწყდა და რომელზეც აღარავინ საუბრობს. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ მოინათლა ის “რუსულ კანონად”, როგორ დაიგეგმა ძალადობრივი აქციები და როგორი ზეწოლა იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამ კანონს მხარს უჭერდა.
როგორც გუშინწინ ჩვენმა იუსტიციის საბჭოს მოადგილემ თქვა საკომიტეტო მოსმენაზე, სტრასბურგის სასამართლომ ამ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მყისიერ საფრთხეს ვერ ხედავს და არ შეუჩერებია მისი მოქმედება; განაცხადა, რომ განიხილავს მას დადგენილ ვადებში. გასაგებია, რომ ეს აჟიოტაჟი იყო, სწორედ, თითიდან გამოწოვილი და ეს იყო შეჩერების მიზეზი, თუმცა რეალურად არაფერი ხდება“, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.


