გრეტა წიწავა: “არაფერი გვიკვირს კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ – გარე პატრონებმა თუ არ დატუქსეს, ასე უმუხრუჭოდ მოძრაობენ. ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და ალაგ-ალაგ წამოაყვედრებენ წარსულს, ვითომ ერთნი არ იყვნენ და ერთად არ სჩადიოდნენ ავ საქმეებს ხელისუფლებაში ყოფნისას თუ შემდეგ, ოპოზიციაში”

24

„ალიანსად“ წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება, თუმცა გავა ჟამი და ისევ შემოსძახებენ და მოუწოდებენ მათი გარე პატრონები გაერთიანებისკენ და ჩვენც ვიხილავთ მორიგ ჯერზე „შეკვეთის“ შესრულების პროცესს, რომელსაც, ალბათ, დაარქმევენ „ხალხს ასე უნდა”, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გრეტა წიწავამ.

„ყველამ კარგად დავინახეთ 26 მაისის აქციაზე „ალიანსის“ ლიდერები – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც იყვნენ დამგეგმავ-თანამონაწილეები მთელი რიგი ავი ამბებისა და შემაგულიანებლები მათი თანაგუნდელების მიერ განხორციელებული ტრაგიკული ისტორიებისა, როგორიცაა: პატიმრების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის დარბევა, ოჯახების დაშინება.

მერწმუნეთ, ყოველ ჯერზე შეგახსენებთ ამას. გამომსვლელებს ხმაში რიხი დიდად არ ჰქონდათ, მაგრამ იქვე მოვისმინეთ ერთმანეთის გადათვლის დიადი გეგმა – “ფეისბუკზე“ რომ უნდა დაეწერათ „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ . შედეგმაც არ დააყოვნა და დიდი მარათონი გაიმართა სააკაშვილ-მელიას შორის – მე ვარ ის უკეთესიო.

კი არაფერი გვიკვირს კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ – გარე პატრონებმა თუ არ დატუქსეს, ასე უმუხრუჭოდ მოძრაობენ. ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და ალაგ-ალაგ წამოაყვედრებენ წარსულს, ვითომ ერთნი არ იყვნენ და ერთად არ სჩადიოდნენ ავ საქმეებს ხელისუფლებაში ყოფნისას თუ შემდეგ, ოპოზიციაში”, – განაცხადა გრეტა წიწავამ.