გრეტა წიწავა: “საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი გაჯერებულია ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. საზოგადოება ხედავს, ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობასა და ეკონომიკურ წინსვლაზე”

28

“გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, ყველა კარგად ხედავს, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, თუ რაოდენ დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი რეგიონი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყო და არის გაჯერებული ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გრეტა წიწავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, ხალხი ხედავს, პოლიტიკურად თანმიმდევრული ვინ არის; ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სოფლებსა და ქალაქებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, მაგრამ არის მასზეც ადეკვატური პასუხი და სათანადოდ რეაგირება. არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა , რომელსაც არ აქვს გამოწვევა და ჩვენც ამ მსოფლიოს ნაწილი ვართ.

დიახ, ხალხი ხედავს, ვინ როგორ იცავს საქართველოს ინტერესებს სხვადასხვა პლატფორმაზე. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ყველგან ცდილობს, ჩვენი ქვეყნისა და ინსტიტუციების იმიჯი შელახოს და „ქართული ოცნება“ – რომლისთვისაც საქართველოს ინტერესი და მისი სუვერენიტეტის დაცვა არის უმთავრესი და უპირველესი.

საქართველო კი იმსახურებს ნამდვილად უკეთეს ქუჩის ოპოზიციას, მაგრამ გვაქვს ასეთი მოცემულობა – რაცაა, ესაა, რომელიც ერთმანეთს უმტკიცებს, ვისი „ბაბლი“ უფრო ნაყოფიერია კლავიატურის კაკუნში. „ქართული ოცნების“ გუნდი კი, ტრადიციულად, ხალხს ხვდება, სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, ისმენს მადლიერებას, გამოწვევასაც და ახალ სურვილებს, საჭიროებისამებრ, ხალხთან ერთად განიხილავს. ამიტომაც არის არჩევნებზე არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივი – ვინ როგორია, ყველაფერი დღესავით ნათელია”, – განაცხადა გრეტა წიწავამ.