ნიკოლოზ სამხარაძე: „ვერსად წაიკითხავთ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა შარშან განაცხადა, რომ ოპოზიციამ ძალიან დააშავა, ვერ გაამართლეს ამომრჩევლის ნდობა და არ შევიდნენ პარლამენტში, რაც იყო დიდი დანაშაული“

30

“მე ვარ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთო-ში და არჩევნები არ ჩატარებულა ეუთო-ს სივრცეში, რომელზეც მე დამკვირვებლად არ ვყოფილიყავი წარგზავნილი და, მათ შორის, მისიის ხელმძღვანელიც ვიყავი… არცერთ დოკუმენტში არ წამიკითხავს, ეუთო-ს ეთქვა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. პირიქით, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, შარშან, პორტოში, როდესაც ის ესწრებოდა ყოველწლიურ სესიას, განაცხადა, რომ ოპოზიციამ ძალიან დააშავა, იმიტომ, რომ მათ ვერ გაამართლეს ამომრჩევლის ნდობა და არ შევიდნენ პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ 61 მანდატი და ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი – 2-ის” გადაცემა “დებატებში”.

„სხვათა შორის, იგივე გაუმეორა ამ ჩვენს დიდებულ ოპოზიციას ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული საქართველოში. ამიტომ, ვერსად წაიკითხავთ, ვერცერთ დოკუმენტში, ვერც ეუთო-ს და ვერც სხვა დოკუმენტში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ასეთი რამ, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.